ბელორუსიაში კანდიდატად თუთიყუში დაარეგისტრირეს
უცნაური წინასაარჩევნო კაზუსი მოხდა ქალაქ სოჟემში. მაზუროვსკის ოლქის მე-19 საარჩევნო უბნის დეპუტატთა საბჭომ უპრობლემოდ მიიღო ერთ-ერთი “დეპუტატების კანდიდატის” დოკუმენტები… ამ ისტორიაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა, ერთი ფაქტი: კანდიდატი, არც მეტი, არც ნაკლები თუთიყურში იაშაა. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აქტივისტები, რომლებმაც ასეთი ექსტრავაგანტული ,,ტესტი“ ჩაიფიქრეს, სულაც არ ფიქრობდნენ თუთიყურშის წარმატებაზე. თუმცა, “საარჩევნოდ” ისინი საკმაოდ საფუძვლიანად მოემზადნენ: შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, დაბეჭდეს ყველა საჭირო დოკუმენტი და აუცილებელი საბუთებიც შეკრიბეს. რასაკვირველია, პოტენციური ,,კანდიდატისთვის“ აუცილებელი იყო პასპორტი, რაც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე მარტივად უზრუნველყვეს. ბელორუსიის “მოქალაქის მთავარ დოკუმენტში“ აღნიშნულია: იაკობ იოსების ძე ჟუკოვსკი, ტალღოვანი თუთიყუში იაშა. ბელორუსიაში ეს საბუთი დღეს უკვე ძალიან პოპულარული გახდა და ის სოციალური ქსელების მომხმარებლების განხილვის აქტიური თემაა.
საოცარია, მაგრამ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მდივანი პასპორტის ასლში თუთიყუშის ფოტომაც არ შეაცბუნა და იაშას დოკუმენტები უპრობლემოდ დაარეგისტრირა. რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი დეპუტატობის კანდიდატების შესაბამის ჟურნალში შეიტანეს.
ექსპერიმენტის მონაწილეების აზრით, თუთიყუში იაშკა ბელორუსიის მთავრობის წარმომადგენლის როლს თავს უფრო ცუდად არ გაართმევდა, ვიდრე ამას ადგილობრივი საბჭოს დეპუტატები აკეთებენ. ამისთვის იაშამ ყველა მნიშვნელოვანი სიტყვის მარაგი უკვე დააგროვა: ,,იაშა კარგია“, ,,მინდა კარავში“, ,,სად არის ფული?“, ,,ერმოშინა“, ,,წადი აბანოში“.
აღსანიშნავია, რომ შინაური ცხოველების დეპუტატობის და მერობის კანდიდატობაზე წარდგენა დღეს უკვე არც ისე იშვიათი შემთხვევაა. მაგალითად, ამერიკის შტატ ვისკონსინის ქალაქ შარონში მერად კატა ფრედი აირჩიეს.