ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს პროტესტს უცხადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია სომხეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც აფხაზ მოჭიდავეებს ერევანში თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაზე უარი უთხრა. სოხუმი საქართველოს ხელისუფლებას სომხეთზე ზეწოლაში ადანაშაულებს და სპორტის საკითხებში პოლიტიკის ჩარევის დაუშვებლობაზე საუბრობს.
სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ოფიციალურმა ერევანმა აფხაზ სპორტსმენებს ჩასვლაზე უარი საქართველოს საელჩოს ჩარევის შემდეგ უთხრა.
„ღრმა სინანულით ვაცხადებთ, რომ ამ ამაზრზენ ფაქტს ადგილი აქვს სომხეთის მხრიდან, რესპუბლიკის, რომელსაც აფხაზეთი მეგობარ ქვეყნად აღიქვამს. აფხაზეთში არის მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა, ჩვენს რესპუბლიკას მშვენიერი ურთიერთობები აქვს მთიან ყარაბაღთან. ქართველ ქორებს აყოლილი სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ახსნა ძალზე რთულია“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ოკუპირებული აფხაზეთის ამ „უწყების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, აფხაზეთის მიმართ პოლიტიკა არ შეცვლილა და ის „კვლავ დაფუძნებულია დრომოჭმულ სტერეოტიპებსა და მსოფლიოსგან აფხაზეთის იზოლირების უმსგავსო მცდელობებზე“.