რუსეთში გაწევრიანების ინიციატივის შემდეგ თიბილოვი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მოითხოვს
“სამხრეთ ოსეთი საკუთარ თავს ევრაზიული სივრცის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ხედავს”. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “სპუტნიკი” ავრცელებს.
თიბილოვმა ეს განცხადება ცხინვალში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამეკავშირეო ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილებოდა.
“სამხრეთ ოსეთი ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მათ მხარს უჭერს. ამ პროცესში რუსეთის გადამწყვეტი სიტყვა ძალზე მნიშვნელოვანია. ევრაზიული ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების ინტერესებში შედის”, – განაცხადა თიბილოვმა.