ვინ ელოდება წვიმაში, გამუდმებით, ლევან ბუჯიაშვილს და რატომ არის მისი ქანდაკებები განსაკუთრებით კონტაქტური
თბილისს რამდენიმე წელია პატარა ფიგურებით ალამაზებს. ზოგი მათგანი განათლებულია, ზოგს დალევა უყვარს, ზოგი კი გამვლელს იმ მუსიკით ართობს, რომელსაც, თუ მოინდომებ, მხოლოდ მაშინ გაიგებ.
– მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილმა ფიგურების შექმნა 4 წლის ასაკიდან დაიწყო…
– ბავშვობიდან მიყვარდა ძერწვა. თითებს ვერ ვაჩერებდი ხან ვთლიდი, ხან ფიგურებს ვაკეთებდი. სწორედ ამის გამო შემიყვანეს პიონერთა სასახლეში, ძერწვის წრეზე. 15 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ეს უკვე ჰობი აღარ არის და ხელოვნება თანდათან ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
– შენს ნამუშევრებში სხვადასხვა მასალის გამოყენება გიყვარს…
– მართალია, ჩემი ნამუშევრები არის სხვადასხვა მასალით. ვიყენებ რკინას, თითბერს, სპილენძს, ქვას, ხეს, ძვლებს და გადაყრილ, გამოუსადეგარ ნივთებს, არის ბრინჯაოც… შერეული ტექნიკით ვმუშაობ. ამიტომ ჩემი ხელწერა არის კომბინირებული მასალების გამოყენება.
– ფერებს როგორ არჩევ?
– თუ არლეკინს ვაკეთებ, ფერები შესაბამისად არის მხიარული. თუ ბრინჯაოს ნამუშევარია, ხშირ შემთხვევაში, ბუნებრივია და ვჟანგავ მწვანე ფერით.
– შენი ფიგურები დღეს ქუჩაშიც ცხოვრობენ და გამვლელების დაინტერესებას იწვევენ…
– იმდენად დიდ დაინტერესებას, რომ 50 ფიგურიდან 8 მოიპარეს. როცა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ხდებოდა, ძველი თბილისის გამგეობის ინიციატივით გადავწყვიტეთ მინიატიურული ქანდაკებების განთავსება. ვფიქრობ, ჩემმა პერსონაჟებმა გაამართლეს. დღეს ყველას ახალისებს პატარა ფიგურები. მათ ფუნქციონალური დატვირთვაც აქვთ. რამდენიმე ქანდაკების ქვემოთ არის სარდაფის სავენტილაციო მილები. ბევრი მინიატიურულ ფიგურებთან ერთად ფოტოს იღებს, მთავარი კი ის არის, რომ ყველა მათგანი მნახველში დადებით ემოციას იწვევს.
– თბილისის გარდა, სად ცხოვრობენ ქუჩაში ლევან ბუჯიაშვილის ქანდაკებები?
– რუსთავში 21 მუსიკოსი ქანდაკება დგას და „ქუჩის მუსიკოსები“ ჰქვია. ზესტაფონში არის კიდევ, – „9 აპრილის მემორიალი“.
– მითხარი, რომ მასალად ზოგჯერ ძვალს იყენებ…
– ძირითადად, ბუნებაში ნაპოვნი ძვლებით ვქმნი ნამუშევრებს, ასევე ვიყენებ სპილოს ძვალსაც. ჩემი დონ კიხოტი და სანჩო ბრინჯაოში და სპილოს ძვალშია შესრულებული.
– რატომ გახდნენ შენი მუზები სერვანტესის პერსონაჟები?
– ბავშვობაში შევქმენი. წიგნის წაკითხვაზე არ არის დამოკიდებული. კომპოზიციურად მომწონდა სანჩო და დონ კიხოტი. ძალიან შერწყმადი წყვილია. წმინდა შემოქმედებითი თვალსაზრისით, კომპოზიციურად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ბევრჯერ გავაკეთე და ძალიან მომწონს.
– კიდევ რომელი ცნობილი პერსონაჟია შენს ნამუშევრებს შორის?
– ჩარლი ჩაპლინი ძალიან მიყვარს და ისიც ბევრჯერ გავაკეთე. ჰიტლერი, – რაღაც პერიოდის განმავლობაში მასზე ვკითხულობდი და მაშინ შეიქმნა. ძირითადად, ჩემი პერსონაჟები მყავს. არლეკინები მაქვს ძალიან ბევრი. მომწონს, იმიტომ რომ მხიარულები არიან თავიანთი სევდიანი ცხოვრებით.
– მუშაობის პროცესში აუცილებელი რა არის – მარტო ყოფნა?
– მუშაობის პროცესში შეიძლება ჩემს გვერდით იყვნენ ჩემი მეგობრები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ხელი არ მეშლება. მუსიკას არ ვუსმენ ხოლმე. არც არაფხიზელ მდგომარეობაში გამიკეთებია რამე. ეს პროცესი არის ყველაზე ძლიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სრულიად ბედნიერი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს და კიდევ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ჩემი სიამოვნებით ხალხში ვიწვევ დადებით ემოციას, გადავცემ მათ და ეს მე სტიმულს მაძლევს.
– რა სამყაროა ფიგურების სამყარო?
– ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი. მე ვცხოვრობ იმიტომ, რომ გავაკეთო ძალიან ბევრი ნამუშევარი და დავტოვო პატარა კვალი ჩემი ცხოვრებით. მე რომ არ ვიყო მოქანდაკე, არ ვიქნებოდი ბედნიერი ადამიანი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.
– განწყობა თუ მოქმედებს შენზე?
– როდესაც ვხვდები, რომ მე რეალიზებადი ვარ ჩემი საქმით, მაშინ იბადება ყველაზე კარგი იდეები. განწყობაზე რა გითხრათ, არ მოქმედებს, რადგან მე სულ ჩემს ნამუშევრებზე ვფიქრობ. ძალიან ბევრი ინფორმაცია გროვდება, ფიზიკურად არ შემიძლია, რომ ამდენი ინფორმაცია გამოვაქანდაკო. შეიძლება რაღაც ქვა დავინახო ქუჩაში და იდეა მომივიდეს. ვერ ვიტყვი ასე ზუსტად. ეს ქვეცნობიერად ხდება. ხანდახან არის ხოლმე რომ პარალიზებული მაქვს გონება, ოღონდ ეს იშვიათაა და ამ დროს ვერაფერს ვფიქრობ.
– საყვარელი ფიგურა, რომელიც დღემდე შენთან ცხოვრობს…
– ჩემი საყვარელი ფიგურა არის რამდენიმე. გამოვარჩევ ერთ გოგოს, რომელიც ძალიან ადრინდელი, ალბათ 2005 წლის დროინდელი ნამუშევარია, ზუსტად არ მახსოვს. ისეთი სევდიანი და მოწყენილი სახე გამოუვიდა, თან სხვადასხვა ქვით, რკინით და პატარა ძვლებით ვიმუშავე. უბრალო მასალებია გამოყენებული, არანაირი ძვირფასი და ძალიან მიყვარს. რომ ვუყურებ ამ გოგოს, სულ მგონია, რომ წვიმაში ნაღვლიანი დგას და მელოდება. ძალიან მიყვარს.
– შენს სახელოსნოშია ეს გოგო?
– ჩემს საძინებელშია. როცა ვიღვიძებ, ვუყურებ, ვესალმები და ის კი, ისევ წვიმაში დგას და მელოდება…
– გამოფენებზე და ფესტივალებში თუ მონაწილეობ?
– საზღვარგარეთ, საერთაშორისო გამოფენებში მიმიღია მონაწილეობა. თბილისშიც მქონია უამრავი. თუმცა, კონკურსები არ მიყვარს.
– თუ გამხდარა შენი ნამუშევრები შემოსავლის წყარო?
– მე ფაქტობრივად არსად მიმუშავია. 15 წლიდან ვმუშაობ, ვაკეთებ ქანდაკებებს. 20 წლიდან დავიწყე გაყიდვა და ნელ-ნელა „გავიზარდე“. მერე სახელმწიფო პროექტებიც გამოჩნდა და ჩემი შემოსავლის წყარო გახდა ჩემი – ჰობი, ანუ მე ვარ ქანდაკებაზე, შემოქმედებაზე აწყობილი. ყოველდღიური საფიქრალი არის ჩემი ნამუშევრები.
– საზღვარგარეთ შენი ფიგურები…
– ძალიან ბევრს აქვს, ძირითადად, კოლექციონერებს. არის გერმანიაში, მოსკოვში, საფრანგეთში, ამერიკაში. მიხარია, რომ ბევრი კარგი ნამუშევარი საზღვარგარეთ არ არის წასული.
– როგორ ფიქრობ, რატომ მოსწონთ ისინი?
– ბევრისგან გამიგია: როგორც კი დაინახავენ, ხელწერით გამოარჩევენ. ვფიქრობ, რომ უცხოა და თავისი ემოცია, ხასიათი აქვს. ჩემი ნამუშევრები არ არის ძალიან დახვეწილი, არ არის ძალიან გაპრიალებული, უბრალოდ ყველაში თავისი ხასიათი და ემოცია დევს. ადამიანი რომ შეხედავს, თითქოს კონტაქტურია. ალბათ ეს მოსწონთ.
ნინო ჯაჯანიძე