ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსახლეობის აღწერაში მონაწილეობდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის აღწერაში. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ შეატყობინა. ადამიანი, რომელიც აღწერას ატარებდა, თიბილოვის სახლთან მივიდა. მან ლეონიდ თიბილოვსა და მის ცოლს კითხვები დაუსვა და შემდეგ ეს პასუხები შესაბამის რეესტრში შეიტანა. ლეონიდ თიბილოვმა მოუწოდა მოსახლეობას, აღწერაში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა.
„ეს პროცესი სამხრეთ ოსეთში 1989 წლიდან არ ჩატარებულა. აუცილებელია იმის დადგენა, თუ რამდენია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, ვინ რას საქმიანობს და სხვა დეტალები“, – განაცხადა თიბილოვმა. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის ე.წ. აღწერა 15 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.