„ჩვენი დედაქალაქი მალე ერთ დიდ ტუალეტად გადაიქცევა“
“ჩვენი დედაქალაქი მალე ერთ დიდ ტუალეტად გადაიქცევა“- ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს. გაზეთს დავითაშვილის ქუჩის მცხოვრები დაუკავშირდა. როგორც ის აცხადებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მთელი უბანი ტუალეტად აქცია. კერძოდ, საპირფარეშოების არარსებობის გამო ყვითელი “მარშრუტკებისა“ და ავტობუსების მძღოლები ბოლო გაჩერებებზე, პარკებსა და მინდვრებში ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ.
“სატრანსპორტო კომპანიამ უბანი ტუალეტად გვიქცია, ავიყრებოდით, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს“, – აცხადებს დავითაშვილის ქუჩის მცხოვრები.
გამოცემის ჟურნალისტი ვითარების ადგილზე გაცნობას შეეცადა და “მარშრუტკის“ მძღოლებსაც გაესაუბრა. ჟურნალისტის თქმით, თბილისში, სადაც მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაა, თითქმის ყველგან შემოგარენი ტუალეტებად არის ქცეული. მძღოლები კი აცხადებენ, რომ სხვა გზა არ აქვთ. ამიტომაც იკმაყოფილებენ “გაჭირვებულები“ ფიზიოლოგიურ მოთხოვნას ღია ცის ქვეშ.
“ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, კაცი მთელი დღე რომ ქუჩაშია, ტუალეტში შესვლა როგორ არ მოუნდება? სად წავიდეთ? უამრავი ასეთი გაჩერებაა და ორ-სამ ადგილას თუ არის ტუალეტი, ჰოდა, რა ვქნათ გაჭირვებულმა მძღოლებმა? მე #41 „მარშრუტკის“ მძღოლი ვარ, ბოლო გაჩერება დავითაშვილიდან დიდ დიღომში მაქვს, იქ მინდორში გაუქმებული არხია, მეც იქ დავდივარ. ბოლო გაჩერებაზე სულ ცოტა 40-50 მძღოლი ვიყრით თავს. ჩვენს შორის ყვითელი ავტობუსების მძღოლებიც არიან. წლებია, ასე გრძელდება. მე კომპანიისთვის დღეში 67 ლარი შემაქვს, აქედან 24 ლარი, ანუ თითქმის მესამედი თბილისის ბიუჯეტში შედის. ზოგიერთი „მარშრუტკა “დღეში 138 ლარს უხდის კომპანიას. ტუალეტი როგორ არ მოვითხოვეთ, მაგრამ გვითხრეს, რა ფულიც გრჩებათ, იმით გაიკეთეთო. ჩვენ კი დღეში 8-9 ლარი გვრჩება“,-აცხადებს მიკროავტობუსის მძღოლი.
სტატიის ავტორი საკითხთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ლიკა ორჯონიკიძეს დაუკავშირდა. “ თბილისში „მარშრუტკების“ ბოლო და საწყის გაჩერებებზე თუ ტუალეტი არ არის, პირველად მესმის. ვისაც ეს ამბავი ეხება, აუცილებლად გავაგებინებ“, -ა ღნიშნა ორჯონიკიძემ.
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამაზ რობაქიძე კი აცხადებს, რომ თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვის ერთ-ერთი მოთხოვნა ტუალეტების დადგმაც იყო.
“ჩვენ მძღოლებისთვის რამდენიმე ტუალეტი გავაკეთეთ – მუხიანში, ვარკეთილში, ვაზისუბანში, ახლა დიდ დიღომში ვაკეთებთ, ამისთვის ადგილების მოძიება მიმდინარეობს, თბილისში, ზოგადად, სველი წერტილების პრობლემაა“,- აცხადებს რობაქიძე “კვირის პალიტრასთან“.