კობა კობალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ტუ ციაოს უმასპინძლა
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ბატონ ტუ ციაოს და მის მოადგილეს, ბატონ ჭი ჭენგმინის უმასპინძლა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კობა კობალაძემ, სტუმრებს, სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სამსახურის ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
“როდესაც ჩინეთი ამყარებს თანამშრომლობას რომელიმე ქვეყანასთან, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე. სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის დამყარდა, მომგებიანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩინეთისთვის. ჩინეთსაც ბევრი რამ აქვს სასწავლი საქართველოსგან და, რა თქმა უნდა, ჩინეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,” – აღნიშნა ტუ ციაომ.
შეხვედრაზე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი.