“აბსურდია, რომ იტალიის პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს”

აბსურდია, რომ იტალიის პარლამენტმა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს ოსური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის ინიციატივით, იტალიის საპარლამენტო ოპოზიციური პარტია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვას პარლამენტში აპირებს. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აღიარების პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, თუმცა საელჩო ახდენს რეაგირებას ამ კუთხით და, როგორც წესი, ის ქვეყნები, სადაც ასეთი მცდელობაა, საელჩოს რეაგირებას ძალიან დიდ გაგებით ეკიდებიან.
“ასეთ საკითხებზე ჩვენ, როგორც წესი, ვაგზავნით ხოლმე ნოტას. ეს არის წარმოუდგენელი დინამიკა ამ კუთხით, რომ იტალიამ რაიმე ნაბიჯები გადადგას. ეს არის აბსურდი და წარმოუდგენელი. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება. ჩვენ ერთგვაროვანი პასუხი გვაქვს ხოლმე. ასეთი ტიპის ნაბიჯები ჩვენთვის მიუღებელია. საელჩო ახდენს რეაგირებას ამ კუთხით. როგორც წესი, ისინი ძალიან გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს და მოგვდის შესაბამისი პასუხი, რომ მათთვის კითხვის ნიშანს არ იწვევს საქართველოს პოზიცია”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ანატოლი ბიბილოვმა ოსურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ იტალიის საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა, დეპუტატმა მატეო სალვინიმ მას შესთავაზა, რომ იტალიის პარლამენტში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობის აღიარების საკითხი დააყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები