„ვანო მერაბიშვილს არალეგალურ პოკერ-კლუბი ჰქონდა გახსნილი“
ვანო მერაბიშვილს რუსთაველის გამზირზე, N 44 -ში არალეგალური პოკერ-კლუბი ჰქონდა გახსნილი, – ამის შესახებ 66 წლის თბილისელი დიონის კირიაკიდი გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. როგორც რესპონდენტი ამბობს, ის ამ ბიზნესის ერთ-ერთი მეწილე თავადაც იყო. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი პოკერ-კლუბში არ ჩნდებოდა, მაგრამ გასართობ ბიზნესს სწორედ ის მართავდა.
„პოკერ-კლუბს ვანო მართავდა თავისი ხელისბიჭის – ანდრანიკ მურადიანის ხელით, ხოლო მურადიანს აკონტროლებდა და ვანო მერაბიშვილთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა გრიგოლ, იგივე გრიშა კვინიკაძეს, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი. კვინიკაძე შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო“, – აცხადებს დიონის კირიაკიდი.
მისივე თქმით, იგი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა.
„შემომაჩეჩეს ნოტარიულად დამოწმებული საბუთები, რომლებიც თურმე ყალბი ყოფილა და მე ეს, რა თქმა უნდა არ ვიცოდი. 2010 წლის 10 მაისს იპოთეკით ჩავდე ბინა 11 ათას დოლარში და 10 ათასი დოლარი მივუტანე ანდრანიკ მურადიანს. ასე გავხდი პოკერ -კლუბის მოწილე… სულ ვიმუშავე ოთხი თვე… ამ ოთხი თვის განმავლობაში, მურადიანმა მხოლოდ 2 ათასი დოლარი გადამიხადა და ისიც იპოთეკის პროცენტში წავიდა. პროცენტის ფულს დღემდე ვიხდი. 2010 წლის სექტემბერში ანდრანიკ მურადიანმა 10 ათასი წააგო, პოკერ-კლუბი მიაკეტა და „გადამაგდო“. მე ჩემი ფულის დაბრუნება მოვითხოვე. მურადიანმა მითხრა – ვერაფერს ვერ იზამ, ვანო მერაბიშვილი „გვკრიშავსო“. უშიშროებაში ავედი და ყველაფერი მოვუყევი- რუსთაველის N 44 -ში უკანონო პოკერ-კლუბია მეთქი! უშიშროების თანამშრომლები საერთოდ არ დაინტერესებულან ამ ფაქტით და მითხრეს, ეგ საკითხი არ გვაინტერესებსო. ამის შემდეგ, ავდექი და კუდ-სა და ვანო მერაბიშვილს ვუჩივლე გენერალურ ინსპექციაში, რის გამოც დამიჭირეს და ექვსი თვით ჩამსვეს. შარი მომიდეს, თითქოს ვიყავი თაღლითი და ბინა უკანონოდ ვიყიდე და გავყიდე! არადა, სასამართლოზე ნოტარიუსმა განაცხადა, რომ ყველაფერი ჩატარებული იყო კანონიერად!“ – აცხადებს პოკერ-კლუბის მეწილე. მისი თქმით, პოკერ-კლუბში ყველა მოთამაშეს შესვლა არ შეეძლო და იქ მხოლოდ სპეციალური სიით შერჩეული მოქალაქეები დადიოდნენ. „მოთამაშის შემოსვლა ხდებოდა სპეციალური სიით, რომელიც გრიშა კვინიკაძეს ჰქონდა. თამაში იწყებოდა საღამოს 5 საათზე და გრძელდებოდა დილის 5 საათამდე. პოკერ-კლუბიდან ყოველ მესამე დღეს გაჰქონდათ ფული – დაახლოებით 50-60 ათასი ლარის ოდენობით. ერთხელ 100 ათასი ლარიც წაიღეს“, – აცხადებს დიონის კირიაკიდი.
მისი თქმით, პოკერ -კლუბში სათამაშოდ “გრეჩიხას” შვილიც დადიოდა. ცნობისათვის: გრიგოლ კვინიკაძეს ქონებრივი დეკლარაცია უკანასკნელად 2007 წელს აქვს შევსებული. მაშინ ის შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.