“სატელეფონო შიშინი არავითარ კავშირში არ არის ფარულ მოსმენებთან“
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, სამოქალაქო კამპანიის, – “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ”,- ინიციატორებს შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ იზორია გაზეთ “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
“ეს ადამიანები ყოველგვარ ფაქტებზე აპელაციის გარეშე ახდენენ რაღაცის დაბრალებას, პირდაპირი კვალიფიკაცია რომ მივცეთ ამ პროცესს, ეს არის ცილისწამება. ამიტომაც ვამბობ, როდესაც მოსმენებზე ასეთ განცხადებებს აკეთებ, მეტი დამაჯერებლობაა საჭირო. როდესაც ეს ფაქტები არ გაქვს, ჩნდება განცდა, რომ მათი მთავარი წუხილი უკავშირდება მათი ინიციატივის განხილვის შეჩერებას საკანონმდებლო ორგანოში. რეალურად, პარლამენტში განხილვა შეჩერდა იმისათვის რომ საჭირო იყო კვალიფიციური და მაღალ ექსპერტულ დონეზე შედგენილი დასკვნა. ველოდებით უცხოელი ექსპერტების შეფასებას და წინასწარ ასეთი ფონის შექმნა და ასეთი დაპირისპირების გაჩენა სრულიად უსაფუძვლოა. მინდა დავამშვიდო საზოგადოების ეს ნაწილი და ვუთხრა, რომ სატელეფონო შიშინი არავითარ კავშირში არ არის ფარულ მოსმენებთან”, – აცხადებს იზორია.