ანქვაბი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მიმართ სოხუმის პოლიტიკას აკრიტიკებს

„აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფლებას გალის რაიონის ქართველების ბედი არ აინტერესებს“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გამოცემა „ინსაიდერ.ორგ“ – თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. მოსაზღვრე ტერიტორიის შესახებ კანონის იდეა ძალზე უსუსურია და ეს აზრები ყოფილ ოდიოზურ ოპოზიციას ეკუთვნის.
როგორც ანქვაბი აცხადებს, 1993 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ გალის რაიონში 60 ათასი ქართველი დევნილი დაბრუნდა, რომელთა შორის 35 ათასი რეგისტრირებულია, ხოლო 25 ათასს რეგისტრაცია არა აქვს. „გალის რაიონში დაბრუნებულმა ქართველებმა სხვადასხვა დონის 14 საარჩევნო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. თუ ისინი მტრები და „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლები არიან, როგორც ამას აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მაშინ როგორ შეიძლებოდა მათი მიშვება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო პროცესებთან – რეფერენდუმთან, ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნებთან?“ – აცხადებს ანქვაბი.
მისივე განმარტებით, აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ გალის რაიონის ქართველები კვლავ ლტოლვილებად გამოაცხადონ, წაართვან მათ ოფიციალური სტატუსი და ისინი პერსპექტივის გარეშე დატოვონ.
„მსგავსი ნაბიჯით ჩვენ ფაქტობრივად ამ ადამიანებს კვლავ საქართველოს სივრცეში ვაბრუნებთ და ქართულ მხარეს საერთაშორისო ტრიბუნიდან მათი დამცველების როლს ვანიჭებთ. ასევე საქართველოს ამ ადამიანების დასაცავად უფრო სახიფათო საშუალებების გამოყენების საბაბს ვაძლევთ“, – აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები