„ჩემში ადამიანებიც კი, გარკვეულ ფერთა ასოციაციას იწვევენ“…

„დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვარ ფილოლოგიის დოქტორი. ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი კერძო სკოლაში „ივერიონი“ და ვმუშაობ აგრეთვე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში…“ – თვითნასწავლი მხატვარი თათია გიგანი.
– თვითნასწავლი მხატვარი ხარ…12030791_929320773783642_1975336602_n
– როგორც ყველა, მეც ბავშვობიდან ვხატავ. ბიძები – თეიმურაზ და გელა ჯაფარიძეები მხატვრები არიან. ფაქტობრივად, მათ გარემოში გავიზარდე. ხატვის მიმართულებით პროფესიული განათლების მიღებაზე არ მიფიქრია. ძალიან მიტაცებდა წერა, მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, გარდა ამისა, ვთვლი, რომ მხატვრობა და ლიტერატურა ერთმანეთთან ახლოს არის. მაქვს ნამუშევრები – ლიტერატურული პერსონაჟები შევქმენი, ბესიკ ხარანაულის ლექსის მიხედვითაც გავაკეთე ჩანახატი და შემდეგ ნახატად ვაქციე. უნივერსიტეტში ფოლკლორისტიკას რომ ვსწავლობდით, ქართულმა მითოსმა გამიტაცა და ძველი ქართული ფოლკლორიდან მითოსური პერსონაჟების სერია დავხატე. ჩემთვის, საერთოდ, პოეზია, ლიტერატურა და მხატვრობა ერთად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, მათი შეთავსება რთული არ იყო. პირიქით, საინტერესო იყო იმ ნახატების შექმნა.
– შენი მუზა სვანეთია…12032410_929320733783646_1346244926_n
– დიახ, ჩემი ყველაზე დიდი მუზა სვანეთია. ბავშვობა იქ  გავატარე და ხშირად ვსტუმრობ სვანეთს. ვფიქრობ ხოლმე, ამ სილამაზის შემყურე ადამიანი ან ლექსს უნდა წერდეს, ან ხატავდეს.
ძალიან ბევრი ნამუშევარი სვანეთში შევქმენი. ყველა ხელოვანს აქვს ალბათ თავისი ადგილი, გარემო, გრძნობა, ვნება, სიყვარული, რაც საკუთარ შემოქმედებასთან აკავშირებს, ჩემი იმპულსი ყოველთვის სვანეთი იყო. იქიდან სხვა გრძნობით და ემოციით ვბრუნდები.
– პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევრების ათვლას პერსონალური გამოფენიდან ვიწყებ. რადგან გამოფენაზე შემოქმედს გაგაქვს ის, რაც ჯერ შენთვის არის ფასეული და მნიშვნელოვანი. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა კი, სტუდენტობის წლებში უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, სადაც გამოფენილი მქონდა სვანური ფოლკლორისტიკიდან აღებული, მითოსური სერია. ეს იყო ლამარიას თემა, სვანური პერსონაჟები: ბეთქილი, ბექნუ. სვანური მითოსიდან გამომდინარე, ძირითადად, ლილეოს თემაზე იყო აგებული. ამ თემაზე მუშაობა ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო.
– მუშაობ გრაფიკაში…12033310_929320920450294_1167610901_n
– დიახ. გრაფიკაში ვმუშაობ, მაგრამ არის ფოტონამუშევრები – ნაკაწრები. ეს ძველი ნამუშევრებია, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამ ტექნიკით მუშაობა. ეს არის ფოტოქაღალდი. ვდებდი წყალში, რბილდებოდა და საოცარი ფერები – ყვითელი, წითელი, მზისფერი ამოდიოდა. რამდენადაც საინტერესოა, ორი იმდენად რთულია, რადგან ბასრი საგნით ხატავ, მაგრამ პირველი მითოლოგიური ნამუშევრები სწორედ ასე შევქმენი.
– გარემო…
– იცით, ვიღაცისთვის საუკეთესო გარემო არის პარიზი, ლონდონი და ა.შ. მაგრამ ჩემთვის, თათია გიგანისთვის, ალბათ, ფესვებიდან გამომდინარე, საუკეთესო ადგილია, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, სრული რელაქსაცია ხდება, არის მთა. შეიძლება ირეალურია, მაგრამ, როდესაც იქ ვარ, აბსოლუტურად სხვა სამყაროში და გარემოში ვარ. თითოეული პეიზაჟი, ხედი, ადამიანები, მათთან ურთიერთობაც კი მაძლევს საშუალებას, რაღაც შევქმნა და დავწერო. მთა არის გარემო, სადაც შემიძლია შემოქმედებითად განვვითარდე. ჩემთვის იდეალური გარემოა. ქალაქი მაინც ყოველდღიური რუტინაა, სადღაც გეჩქარება, სადღაც გარბიხარ, მთაში ჩემი მუზა და შთაგონების წყარო, შეიძლება უბრალოდ, ერთი ფრაზა აღმოჩნდეს.
– გამორჩეული ნამუშევრები…12042218_929320757116977_280553292_n
– რა თქმა უნდა, მაქვს გამორჩეული ნამუშევრები, რომელთა გაყიდვაზე უარი ვთქვი. უბრალოდ, ვერ შეველიე. ისინი ჩემეულია. ამასთან, ჩემთვის მხატვრობა ბიზნესი არ არის. შეიძლება იმიტომ, რომ პროფესიონალი მხატვარი არ ვარ, მაგრამ ისინი, პირველ ყოვლისა, მე მინდა და ჩემთვის იქმნება.
უნივერსიტეტში გამოფენაც კი ჩემი მეგობრების ინიციატივით გაკეთდა. მე დიდი წინააღმდეგი ვიყავი. თუმცა, მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, რადგან ამ გამოფენის შემდეგ, სხვადასხვა წინადადება მივიღე. ამისთვის კი, ყველა მხატვარმა ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ უნდა გააკეთოს გამოფენა.
როდესაც ხატავ, შენი სულიერი მდგომარეობა გადმოგაქვს ქაღალდზე, ფერში. გამოფენით კი, ცდილობ, საზოგადოება შენი სულის, ფერების, მდგომარეობის თანაზიარი გახადო. თითქოს შენში უშვებ ადამიანებს. დღევანდელ სულიერებამოკლებულ დედაქალაქში კი ეს საინტერესოც არის და აუცილებელიც.
– ფერები…
– ფერი ჩემთვის არის გრძნობა, განცდა. სიხარული, ტკივილი, სიყვარული, ვნება. მთაში, მით უმეტეს, უამრავი ფერთა გამაა.
-წერ ლექსებს და აფორმებ წიგნებს…12048524_929320863783633_348615425_n
– ლექსების წერაც ბავშვობაში დავიწყე და წლების განმავლობაში თან მდევს. მაგრამ კრებულის გამოცემაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, ჩემი გრძნობები მხატვრობაში და პოეზიაში ნაწილდება. ხდება ასეც, რომ ლექსზე ან ბწკარედზე ამიგია ნახატი, ან პირიქით.
რაც შეეხება, წიგნების გაფორმებას, გამომცემლობებთან ვთანამშრომლობ. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა „1001 სიტყვა ქალზე“, რომელიც გავაფორმე ნახატებით, ასევე ლექსების რამდენიმე კრებული. პირველად დედაჩემის ლექსების კრებული გავაფორმე.
– რა მოგიტანა შენმა შემოქმედებამ?
– ჩემი შემოქმედება, ჩემი სულიერი მდგომარეობაა, რომელიც, ძირითადად, უშგულის და თეთნულდის ფონზე იქმნება. ფუნჯი, კალამი, ქაღალდი – ეს არის, ჩემი ცხოვრება. ამ ყველაფრის გარეშე ჩემს ამქვეყნიურ არსებობას ვერ მოვიაზრებ და ვერ წარმოვიდგენ. მის გარეშე, ჩემი ცხოვრება ცარიელი იქნებოდა. მადლობელი ვარ უფლის, რადგან, როცა ხელოვნებას ემსახურები, შენი სულიერი სამყარო არის ძალიან მშვიდი, კეთილი, ნათელი, ლამაზი, კარგად ვგრძნობ თავს. სწორედ ეს ყველაფერი მასაზრდოებს. ამიტომ, მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან, არასდროს არ გადადონ კალამი და ფუნჯი გვერდზე. როცა შენი საქმე გიყვარს, ყველაფრის შეთავსება შეიძლება და ერთმანეთს ხელს არასდროს შეუშლის.

მზევინარ ხუციშვილი

12049013_929320763783643_1325176522_n

12064410_929320793783640_2030023567_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები