„სახლში“ სიმღერა ყველას უხარია…“

„დედა პროფესიონალი პიანისტია, კონსერვატორია დაამთავრა, ძალიან დიდხანს კონცერტმეისტერად მუშაობდა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, სიმღერებს რომ მასწავლიდა. ჩანაწერებიც კი გვაქვს, სიტყვებს ძლივს გამოვთქვამ, მაგრამ ძალიან სუფთა ხმით და ინტონაციურად სუფთად ვმღერი. შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდან ვმღერი…“ – ოპერის მომღერალი სოფიო გორდელაძე.

– კონსერვატორიაში საფორტეპიანოზე ჩააბარე…12026456_928081170574269_203239531_n
– მირჩიეს, გარდატეხის ასაკში არ მემღერა, რომ ხმა ჩამოყალიბებულიყო და დაკვრა დავიწყე. ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში და კონსერვატორიაში სწავლა საფორტეპიანოზე გავაგრძელე. მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და მეორე კურსიდან, პარალელურად ვოკალურზე ჩავაბარე. მე საესტრადო ხმით არასდროს მიმღერია. 13-14 ასაკიდან საოპერო კრინით ვმღერი და პროფესიული გზაც ბუნებრივად გაგრძელდა.
– დაამთავრე ბაკალავრი და წახვედი იტალიაში…12029195_928081163907603_236734310_n
– ბაკალავრს რომ ვამთავრებდი, გავიცანი ერთი მეცენატი ქალბატონი ანმარი შინდლერი, რომელიც მეგობრებთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული. სრულიად შემთხვევით კონსერვატორიაში შევხვდით, მომისმინა და ძალიან მოვეწონე. თავისთან ავსტრიაში მიმიწვია, სადაც ძალიან ცნობილი ავსტრიელი მომღერალი ელიზაბეტ შვარცკოფი გამაცნო. ერთი კვირა მასთან ვიმეცადინე და  მირელა ფრენის ერთკვირიან მასტერკლასზე მოვხვდი, რომელიც ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალი იყო. მასაც ძალიან მოვეწონე და იტალიაში, თავის აკადემიაში მიმიწვია. ამავე დროს, თბილისში იტალიის საელჩო აწყობდა მოსმენებს და ერთ ან ორ ადამიანს სტიპენდიას აძლევდნენ. მეც ავიღე ეს სტიპენდია და წავედი იტალიაში, სადაც აკადემიაში ორი წელი ვისწავლე.
– ადამიანები, რომლებმაც პროფესიულ კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს…12029182_928081167240936_1724574907_n
– პირველ ყოვლისა, ეს ადამიანები ჩემი მშობლები არიან, რომ ბავშვობიდან კლასიკური მუსიკა მესმოდა. დედა, როგორც გითხარით, პროფესიონალი პიანისტია და სწორედ, მან მომცა გემოვნების, მუსიკის აღქმის სწორი მიმართულებები. მამა ექიმია, მაგრამ ძალიან დიდი მელომანი და ისეთი ფირფიტები ჩამოჰქონდა რუსეთიდან, რომ მაშინ აქ ბევრს არ ჰქონდა.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩემი პედაგოგები, მათ შორის გულიკო კარიაული, რომლებმაც ძალიან მყარი და საიმედო ბაზა მომცეს, რომ მომავალი გამეგრძელებინა. მირელა ფრენიც არის მათ შორის, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.
უკვე მუშაობის პერიოდში, მაესტრო გუსტავ კუნს შევხვდი, რომელმაც დიდი საშუალება მომცა, მემღერა და მასთან ერთად გამეკეთებინა როლები. მასთან დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობ და თუ რამე არასწორად მეჩვენება, ყოველთვის ვცდილობ, მოვასმენინო. კარგი მუსიკოსია და ყოველთვის სწორ რჩევას მაძლევს.
მირელა ფრენის გარდა, იტალიაში კიდევ რამდენიმე საინტერესო მასტერკლასი მქონდა მარიელა დევიასთან, ლელა კუბერლისთან, ბიანკა მარია კაზონისთან, რომლებმაც ასევე ჩემზე თავიანთი კვალი დატოვეს.
– კონკურსები და ფესტივალები…12030935_928081173907602_975016168_n
– კონკურსებმა მე პირადად ძალიან ბევრი რამ მომცა. სწორედ კონკურსებიდან მივიღე ჩემი პირველი კონტრაქტები. იტალიაში, სადაც მეორე პრემია ავიღე, ერთ-ერთ კონკურსზე იჯდა დირიჟორი ჟიურიში, რომელმაც პირდაპირ შემომთავაზა, „ტრავიატაში“ ვიოლეტას პარტია. მართალია, არ მქონდა ნასწავლი, მაგრამ ძალიან მალე მოვამზადე, მოვასმენინე და ამიყვანეს. ეს იყო ჩემი პირველი კონტრაქტი ავსტრიაში. გარდა ამისა, ეს შემოსავლის წყაროც არის, რადგან კონკურსებზე პრემიებია და ორი წელი იტალიაში მე ამით ვცხოვრობდი. ძალიან ბევრ კონკურსზე გავედი და სტაბილური შემოსავალი მქონდა.
ფესტივალებს რაც შეეხება, რამდენიმე ფესტივალზე ვიმუშავე, ძირითადად, ავსტრიაში და საინტერესო იყო.
– საოცნებო როლი და სცენა…12032484_928081153907604_1150914188_n
– ძალიან ხშირად მეცვლება საოცნებო როლი. არის პერიოდი, როცა ერთ რომელიმე როლზე ვოცნებობ და მეორეს რომ უკეთესად გავიცნობ, მერე ის მინდა ვიმღერო. ჩემი საოცნებო როლი ადრე „ტრავიატაში“ ვიოლეტას პარტია იყო და ეს ოცნება ავისრულე. ახლა ძალიან მინდა მიმის პარტია „ბოჰემაში“, ძალიან მინდა ვიმღერო მარგარიტა „ფაუსტში“. რაც შეეხება სცენებს, დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი ლონდონის კოვენტ – გარდენში და მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის სცენებზე. კარგი იქნება, თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემა.
– საინტერესო და გამორჩეული როლი…
– როლის თვალსაზრისით ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ „ტრავიატა“ გამორჩეულია. ვიოლეტა ისეთი პერსონაჟია, რომელიც სრულ კმაყოფილებას განიჭებს. იმდენად სრულყოფილია თვითონ როლი, ისეთი დრამატურგიული განვითარება აქვს, კარგად თუ ჩაატარებ სპექტაკლს, სრულიად დაცლილი ხარ. ესე იგი, ყველაფერი თქვი და ძალიან კარგი შეგრძნებაა. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ოპერაა ჩემთვის და საყვარელი როლია, რადგან მაძლევს საშუალებას, ბოლომდე დავიხარჯო.
– საქართველო და უცხოეთი…12033265_928081160574270_766725972_n
– უბრალოდ, უცხოეთში მრავალი შესაძლებლობაა, ბაზარი დიდია, ბევრი თეატრია და ბევრი სპექტაკლი იდგმება. სამწუხაროდ, ჩვენთან უკვე რამდენი წელია თეატრი დაკეტილია და სოლისტები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, თვითად თვემდე ელოდებიან, სპექტაკლი როდის დაიდგმება. ასე ძალიან მძიმეა მუშაობა. არადა, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ჩვენაირი ტიპის ქვეყნისთვის, ცოტა რთულია კულტურული ცხოვრება ისეთივე მჩქეფარე და აქტიური იყოს, როგორც უცხოეთში. მატერიალური კრიზისი ქმნის კულტურულ კრიზისს. მე მახსოვს, სტუდენტიც კი აქტიურად დავდიოდი თეატრში და ძალიან მსიამოვნებდა. ახლა, სამწუხაროდ, მოკლებული ვარ სიამოვნებას, ჩვენი ოპერის დადგმები ვიხილო. ჩვენ რაც შეგვეხება, ვინც წასულები ვართ, სიამოვნებით ჩამოვალთ და ვიმღერებთ, თუკი ამის შესაძლებლობას მოგვცემენ. ჩვენი ახლობლები, მეგობრები და ყოფილი პედაგოგები აქ ცხოვრობენ, გვინდა მათაც ნახონ, რას ვაკეთებთ.
მე ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში. წელიწადში ორჯერ აუცილებლად, ხან უფრო მეტჯერ. სხვანაირად არ შემიძლია. მენატრებიან ჩემები. ენერგიას, რომელიც იქ მჭირდება, აქედან ვიღებ. აქედან მიმაქვს ემოციები და სიყვარული. უცხოეთშიც კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ჩემი ახლობლებისგან ვიღებ.12041942_928081147240938_154624446_n
და, რა თქმა უნდა, ყველგან და ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდივარ. იყო ასეთი შემთხვევა, შარშან ლიტვაში, ვილნიუსში ვიმღერე. ვენიდან საბუთები რომ გადავაგზავნე, ბანერზე ავსტრია ეწერა, მაშინვე დავრეკე, ბოდიში მომიხადეს და გაასწორეს. ძირითად აფიშაზე და პროგრამაში უკვე საქართველო ეწერა.
– გარემო, სადაც კარგად გრძნობ თავს…
– სცენაზე და სახლში. სცენაზე ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს და შემიძლია სრულიად თავისუფლად გამოვხატო ჩემი თავი. რეპეტიციების დროს შეიძლება არა, რადგან დირიჟორი გაჩერებს, ახალი კოსტიუმი გაცვია, მაგრამ სპექტაკლის დროს, როცა მაყურებლის წინაშე ვდგავარ უკვე ძალიან თავისუფალი ვარ.
– მაყურებელი და კრიტიკა…12047816_928081150574271_1312845207_n
– მაყურებელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად „მიფასებს“, რასაც ვაკეთებ და ამავე დროს ყველაზე დიდი შემფასებელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროფესიონალი არ იყოს. ის მაინც გრძნობს სიყალბეს, გადათამაშებას, მომღერალი გულწრფელად გამოხატავს, რაც წერია, თუ თავისი „ეგოთია“ დაკავებული სცენაზე. მე ძალიან მსიამოვნებს მყურებელთან ურთიერთობა, დიდ ენერგიას მაძლევს. საქართველოში ბევრი პროფესიონალი გვყავს, უცხოეთში კი მაყურებელი სიამოვნებისთვის მიდის ოპერაში. ჩვენთან კრიტიკაც უყვართ. ობიექტური კრიტიკა კარგია და მსიამოვნებს, როცა კარგი რაღაც იწერება, მაგრამ მე კრიტიკას ყველასგან არ ვიღებ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, რომლებსაც ვენდობი და მათი აზრი მაინტერესებს. ძალიან ვენდობი დედაჩემის აზრს, ვიცი, რომ გულწრფელად და ობიექტურად შემაფასებს. ვენდობი მას, როგორც მუსიკოს. ვენდობი ჩემს პედაგოგს გულიკო კარიაულს. ასევე, უცხოეთში რამდენიმე პიანისტს რომლებთანაც ვმუშაობ. მაძლევენ რჩევებს და შენიშვნებს. ხშირად მიწევს ისეთ ადგილებში სიმღერა, სადაც არავინ არ მყავს და ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული. ამიტომ, ვენდობი საკუთარ თავს. საკმაოდ ობიექტური და პრეტენზიული ვარ საკუთარი თავის მიმართ. რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ოპერა მთელი ჩემი ცხოვრებაა, რომელმაც ბევრი სიხარული მომიტანა და ბევრ რამეზე უარი მათქმევინა. თუნდაც, ერთ-ერთი მსხვერპლია რომ წასული ვარ. მონაზვნის რეჟიმით ვცხოვრობ, მაგრამ ერთი წარმატებული სპექტაკლიც ღირს ამ ყველაფრად. ეს ტკბილი საწამლავია, ერთხელ თუ სცენაზე დადექი, ერთხელ თუ ტაში დაგიკრეს, ერთი ყვავილი მოგართვეს, კმაყოფილება მიიღე, სცენის მტვერი თუ შეისუნთქე, მერე ძალიან რთულია უარის თქმა. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ძალიან მალე ყოფილიყოს უკეთესი პირობები საქართველოში, არა მხოლოდ ჩვენთვის.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები