იტალიაში მიმდინარე გამოფენიდან ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები გამოაძევეს

იტალიაში, ქ.ბარიში, ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიციაზე, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად იყო წარმოდგენილი, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები გამოფენიდან გამოაძევეს.
როგორც „კვირას“ იტალიაში საქართველოს ელჩის უფროსმა მრჩეველმა დავით ბაზერაშვილმა განუცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა შეცდომაში შეიყვანეს გამოფენის ტექნიკური ადმინისტრაციის პერსონალი და დღეიდან გამოფენაზე აფხაზური სტენდიც აღარ ჩანს.
მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. დავით ბაზერაშვილის ინფორმაციით, აფხაზეთის წარმომადგენლებს მომხდარი ფაქტი არც კი გაუპროტესტებიათ.
„იტალიაში, ქ.ბარიში ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიციაზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად იყო წარმოდგენილი და სხვადასხვა პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. საქართველოს საელჩომ იტალიაში მაშინვე მოახდინა რეაგირება და იმავე დღეს მიმართა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მჭიდროდ ვთანამშრომლობდით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ბოლო ორი დღის განმავლობაში მათი სტენდი უბრალოდ იდო, მაგრამ აღარ მუშაობდნენ. თუმცა, დღეს დილიდან სტენდიც აიღეს და საერთოდ აღარ გამოჩენილან, თვითონ გამოფენა კი 22 სექტემბერამდე გასტანს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას დავით ბაზერაშვილმა.
„კვირას“ კითხვაზე, მას შემდეგ რაც მათ გამოფენა დატოვეს, ხომ არ გამოხატეს რაიმე სახით პროტესტი, საქართველოს ელჩის უფროსმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიცია უსიტყვოდ დატოვეს.
„არ გააპროტესდებდნენ. რადგან ისინი მოტყუებით ავანტიურისტულად, იყვნენ ამ გამოფენაზე შეპარულნი. შეცდომაში შეიყვანეს ამ გამოფენის ტექნიკური პერსონალი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს საელჩომ ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწადეთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეცდომა გამოასწორეს და ვეღარ გააპროტესტებდნენ, აფხაზები იტალიაში ტურისტულად იყვნენ ჩამოსულები და არა რაიმე დელეგაციის სახით.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კიდევ რამდენიმე უწყება კომპლექსურად მუშაობდა ამ საკითხზე“, – განაცხადა დავით ბაზერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული გამოფენის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა, სადაც წერენ, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.“
ამავე ინფორმაციით, იტალიაში, ქ. ბარიში გამართულ გამოფენაზე (ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიციაზე) ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად იყო წარმოდგენილი. დელეგაციის შემადგენლობაში კი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ე.წ. პალატის სხვა წარმომადგენლები შედიოდნენ.
გამოფენა, სადაც 2 ათასამდე იტალიური და უცხოური კომპანია საკუთარ პროდუქციას წარადგენს, იტალიის პრემიერმა გახსნა. იტალიის ქ. ბარიში გამოფენა 22 სექტემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები