თინათინ ხიდაშელი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბიორგე ბრენდეს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც ესწრებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ბიორგე ბრენდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნორვეგია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. მინისტრებმა შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის დეტალები განიხილეს. ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მომავალი წლის აპრილში უმასპინძლებს. ბიორგე ბრენდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ამბასადორიალი 2015”-ში მიიღო მონაწილეობა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები