თინათინ ხიდაშელი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს შეხვდა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრო.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე განათლების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას შეეხო.
ამავე შეხვედრაზე საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა ინტენსიური და ყველა მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.