თბილისში ისრაელის ქნესეთის მრავალპარტიული დელეგაცია ჩამოდის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ისრაელს პარლამენტის (ქნესეთი) დელეგაცია ჩამოდის. დელეგაციას ქნესეთის ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი უხელმძღვანელებს.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ის, ბიზნესპალატის თაოსნობითვე, თბილისის მერის ისრაელში ცოტა ხნის წინათ ოფიციალური სტუმრობის საპასუხოა.

საქართველო-ისრაელის პოლიტიკურ ურთიერთობაში ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელის დელეგაციაში შედის სახელისუფლებო რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი, რომელთა მიზანია საქართველოსთან თვისობრივად ახალი ფორმატის ურთიერთობების ინიცირება. ისინი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მონაწილეობას მიიღებენ თბილისში ისრაელური ინვესტიციით მრავალმილიონიანი პროექტების დაწყებასა და ისრაელის სახლის ახალი ოფისის გახსნაში.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს თქმით, 8 სექტემბერს თბილისს ისრაელის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ეწვევიან და მონაწილეობას მიიღებენ იერუსალიმში თბილისის მერის ვიზიტის შედეგების პრეზენტაციაში.

წინასწარი ინფორმაციით, დელეგაციას მიიღებენ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები.

ისრაელის ქნესეთის დელეგაციაში, რომელშიც პარლამენტარებთან ერთად ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებიც შედიან, ქნესეთს წარმოადგენენ: ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელი ხილიკ ბარი; იოავ ქიში, ქნესეთის წევრი მმართველი პარტია „ლიკუდიდან“; საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელი; ქსენია სვეტლოვა, ქნესეთის წევრი პარტია „ა-თნუადან“ და დავიდ ბითანი, ქნესეთის წევრი მმართველი პარტიიდან „ლიკუდი“.

39 წლის ხილიკ ბარი – იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სტუდენტური მოძრაობის ლიდერი იყო. ის სხვადასხვა დროს იყო გარემოს დაცვის მინისტრის და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მრჩეველი, იერუსალიმის მერის მრჩეველი, იერუსალიმის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებისა და უმაღლესი განათლების განვითარების დირექტორი. 2008 წელს სწავლას აგრძელებს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

2002 წლიდან ხილიკ ბარი მსოფლიო სიონისტური კონგრესის დელეგატია. აქტიურად მონაწილეობს პროისრაელურ პროპაგანდაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა ჰქონდა აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან, როგორც არაბულ სამყაროში, ისე დასავლეთში.

2008 წელს ის იერუსალიმში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, იმავე წლის ნოემბერში გახდა იერუსალიმის საქალაქო საბჭოს წევრი. ქნესეთში არჩევამდე იყო მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი.

2010 წელს ხილიკ ბარი შრომის პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ის არის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მდივანი პარტიის ისტორიაში. პარტიიდან ეჰუდ ბარაკის წასვლის შემდეგ,

ხილიკ ბარმა გადამწყვეტი როლი შეასრულა პარტიის რეაბილიტაციის საქმეში.

ხილიკ ბარმა შიდა პარტიულ არჩევნებში დაიკავა მეშვიდე ადგილი, ხოლო 2013 წელს არჩეული იქნა მე-19 ქნესეთის წევრად, სადაც მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა.

სწორედ ხილიკ ბარის სახელს უკავშირდება პარტია „ავოდას“ რეიტინგის უპრეცედენტო ზრდა. გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხილიკ ბარმა შეძლო „ავოდა“ პარტიებს შორის მეხუთე ადგილიდან პირველზე გაეყვანა.

მე-19 ქნესეთში ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერის რანგში, ხილიკ ბარი ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, საპარლამენტო სამშვიდობო კომისიას, რომელმაც არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება გამართა არაბულ მხარესთან, მათ შორის პალესტინის ავტონომიის დედაქალაქ რამალაში. ხილიკ ბარი ოპოზიციონერი ლიდერის რანგში, ამ კომისიის ფარგლებში, წამყვან როლს ასრულებდა ისრაელ-არაბული კონფლიქტის მხარეთა პოზიციების დაახლოების საქმეში.

მე-20 ქნესეთში ხილიკ ბარმა კვლავ ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა. ის სათავეში ჩაუდგა, აგრეთვე, ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს.

ისრაელის ანალიტიკურ წრეებში ხილიკ ბარს განიხილავენ, როგორც მომავალი პრემიერობის ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატს. მისი პოზიცია ანგარიშგასაწევად და მნიშვნელოვნადაა მიჩნეული ისრაელის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ყველა საკვანძო საკითხში.

ხილიკ ბარის ხელმძღვანელობით ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში მოქმედებს სამშვიდობო კომისია, რომელიც ისრაელ-არაბული კონფლიქტის გადაჭრის გზებზე მუშაობს. კომისიის მიწვეული წევრია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, რომლის ინიციატივაცაა, სამშვიდობო საკითხზე მორიგ საერთაშორისო კონფერენციას თბილისმა უმასპინძლოს. ამ იდეას მხარს უჭერს ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარიც.

ქსენია სვეტლოვა (1977) სპეციალობით არაბისტია, ისრაელის რუსულენოვანი ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწეა. დამთავრებული აქვს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი, სადაც ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ჟურნალისტიკაში ის ცნობილია, როგორც არაბული თემების მიმომხილველი, წერს „ვაშინგტონ პოსტში“, „იერუსალიმ პოსტში“ და „ა-რეცში“.

ისრაელის მეცხრე არხის კორესპონდენტის რანგში აშუქებდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომს, მიყავდა პირდაპირი ეთერი კაიროს ცენტრალური მოედნიდან მაშინ, როდესაც იქ ხოცავდნენ და და ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, არაერთხელ ჩაიწერა ინტერვიუ იასირ არაფატთან, ჰამასის ლიდერ შეიხ აჰმედ იასინსა და მაჰმუდ აბასთან. 2004 წელს მიიღო ევრაზიული ფესტივალის „ტელეფორუმის“ პირველი პრიზი.

2014 წლიდან ქსენია სვეტლოვა მემარცხენე-ცენტრისტული ალიანსის „სიონისტური ბანაკის“ წევრია და უკავია მემარცხენე-დემოკრატიული პოზიცია. წინასაარჩევნოდ მისი კანდიდატურის წარდგენისას პარტია „ა-თნუას“ ლიდერმა ციპი ლივნიმ განაცხადა, რომ ქსენია სვეტლოვა თავად არის სიონიზმის ხორცშესხმა, რეპატრიანტის, რომელმაც ისრაელში დაბრუნების შემდეგ მიაღწია იმას, რასაც მთლიანად საბჭოთა ალიამ.

2015 წლის გაზაფხულიდან ქსენია სვეტლოვა 20-ე ქნესეთის ერთ-ერთი აქტიური წევრია.

მე-20 ქნესეთის წევრია დავიდ ბითანიც, ლიკუდის რეგიონული ლიდერი რიშონ ლეციონში, „ლიკუდის“ წარმომადგენელი მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციასა და სოხნუთში.

დავით ბითანი განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს თელ-ავივის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 7 წლის განმავლობაში მას ეკავა რიშონ ლეციონის მერის მოადგილის თანამდებობა, 27 წელი კი მერიის დეპუტატი იყო. მუშაობდა ქნესეთში შინაგან საქმეთა კომისიის მრჩევლად, არის რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქნესეთის კომიტეტის ხელმძღვანელი.

დავიდ ბითანი ერთ-ერთი მათგანია ისრაელის პოლიტიკური ელიტიდან, რომელიც თბილისში „ისრაელის სახლის“ დაარსებაში მონაწილეობდა.

ქნესეთის წევრი, ანგლო-ებრაულ ოჯახში გაზრდილი, 48 წლის იოავ ქიში მმართველი პარტიის „ლიკუდის“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ის საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრია, სპეციალობით კი მფრინავია, რომელიც ისრაელში ყველაზე ელიტარულ პროფესიადაა აღიარებული. 2015 წლის ქნესეთის არჩევნებში „ლიკუდის“ საარჩევნო სიაში მე-19 ადგილი ეკავა.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს შეფასებით, ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად ხილიკ ბარის დანიშვნითა და ასეთი შემადგენლობით ოფიციალური დელეგაციის ვიზიტით მიღწეული იქნა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ათწლიანი მუშაობის შედეგი – საქართველოს ამიერიდან ისრაელში ჰყავს ძლიერი ლობი და ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში თვისობრივად ახალი ეტაპია.

8 სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი არ არის პროტოკოლური ფორმალობა, ის პოლიტიკურად დატვირთულია და კარგი წინაპირობაა ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს მომავალი კავშირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები