საქართველო-ლატვიას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
ბონში გამართული კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციის ინიციატივით ორმხრივი შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელ ილზა პრუსსა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ თეიმურაზ მურღულიას შორის შედგა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას კლიმატის ცვლილების შესახებ ახალი შეთანხმების მოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომლის მიღებაც 2015 წლის ბოლოს ქ. პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციაზე (COP -21) იგეგმება.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში საქართველო და ლატვიის რესპუბლიკა განეკუთვნებიან სხვადასხვა კატეგორიის მხარე ქვეყნებს, მაგრამ ორივე ქვეყანა წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფს.
სწორედ ამ რეგიონის ჯგუფის და ამავდროულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსაზრებები და პოზიციები გააცნო ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს, როგორც რეგიონის ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური ქვეყნის, დელეგაციის ხელმძღვანელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო პოზიციების შესაჯერებლად.