„მინდა ვიყო წარმატებული და ბედნიერი…“
„ბავშვობიდან ვხატავდი. სკოლაში მასწავლებელმა შეამჩნია ჩემი ნიჭი და მშობლებს რჩევა მისცა, სამხატვრო სკოლაში შევეყვანე. მშობლემაც გაითვალისწინეს მასწავლებლის რჩევა. მეორე კლასიდან შევედი სამხატვრო სკოლაში და ათწლედი დავამთავრე. მერე უკვე თავისით მოხდა ამ გზის გაგრძელება…“ – მხატვარი თეკლა ბარამაშვილი.
– თბილისის სამხატვრო აკადემია…
– თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მაგრამ მედიახელოვნების ფაკულტეტი, რადგან სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტს არ აქებდნენ. გარდა ამისა, მე სამხატვრო სკოლაში ძალიან კარგად და ბევრი ვისწავლე, ამიტომ ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, სხვა პროფესიაც მქონოდა. ვფიქრობდი, თუ არჩევანი არ მომეწონებოდა, ფერწერას დავუბრუნდებოდი, მაგრამ არ ვნანობ, კმაყოფილი ვარ.
– პირველი ნამუშევრები…
– სიმართლე გითხრათ, პირველი ნამუშევრები შენახული არ მაქვს, მაგრამ კარგად მახსოვს, რაც დავხატე, რადგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს იყო ჩემი დის ერთ-ერთ სასკოლო წიგნში ჩახატული ყვავილები. ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, 4-5 წლის ვიყავი.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– აუცილებლად მჭირდება სიმშვიდე და სახელოსნო.
– ინსპირაციის წყარო…
– ჩემი ინსპირაციის წყარო ყველაფერი შეიძლება იყოს. გარე სამყარო, ჩემს გარშემომყოფი და საყვარელი ადამიანები. წინასწარ შეიძლება ვიცოდე ნამუშევრის მონახაზი, მაგრამ ბოლოს შეიძლება სულ სხვა რამ გამოვიდეს. ნახატი მუშაობის პროცესში ვითარდება.
მიყვარს პორტრეტების ხატვა, თუმცა უფრო პეიზაჟები მიტაცებს. ძირითადად, ჩემი საყვარელი ადამიანების პორტრეტების კეთება მომწონს. აგრეთვე, ვარჩევ სიანტერესო გარეგნობის ადამიანებს.
– ფერები…
– ფერი მნიშვნელოვანია ჩემთვის. მხოლოდ პორტრეტებს ვხატავ ფანქარში. მიყვარს მხიარული და ნათელი ფერები. მიმდინარეობებიდან იმპრესიონიზმი მომწონს და ამიტომ არ მიყვარს მუქი ფერები. ვთვლი, რომ მხატვარს შინაგანად უნდა ჰქონდეს ფერის აღქმის უნარი. უნდა გრძნობდეს ფერს.
– საკუთარი შემოქმედება…
– ხატვა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიცხოვრებდი. ალბათ, საერთოდ სხვა პიროვნება ვიქნებოდი. ეს ნიჭი ჩემი შემადგენილი ნაწილია, რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრება საინტერესოა.
– გამორჩეული ნამუშევრები…
– ყველა ნახატი ძალიან მიყვარს, თუმცა სადიპლომო ნამუშევარს გამოვარჩევდი. ალბათ, იმიტომ რომ პირველი წარმატებაა. ეს ნახატი სკოლაში დაიტოვეს.
– გამოფენები…
– პერსონალური გამოფენა არ მქონია, თუმცა ჯგუფურ გამოფენებში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვმონაწილეობ. პერსონალური გამოფენის მოწყობის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ, ბევრი ხელისშემშლელი ფატქორი იყო. თუნდაც ფინანსები. ახლა ვცდილობ, მინდა მომავალი წლის გაზაფხულზე გავაკეთო.
გამოფენა აუცილებელია, რადგან მას გარკვეული წარმატება მოაქვს. გიცნობს საზოგადოება, მათ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებ. ხელოვანისთვის ალბათ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნამუშევრების გაყიდვა.
– საქართველო და ხელოვნება…
– საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც არა მხოლოდ ფერწერა და მხატვრობა, არამედ, საერთოდ, ხელოვნება აინტერესებს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. მე ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ნახატი გავყიდე, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანმა შეიძინა. რთულია ხელოვანისთვის არსებობა. ფიზიკურად შეუძლებელია ნამუშევრების გაყიდვა, რადგან ხალხს არ აინტერესებს. მაგრამ, იმედი მაქვს, ნელ-ნელა გამოსწორდება მდგომარეობა.
მზევინარ ხუციშვილი