გიორგი კვირიკაშვილი: დიპლომატებთან შეხვედრებზე ძალიან საჭირო ინფორმაცია გაიცვალა
„დიპლომატებთან შეხვედრებზე ძალიან საჭირო ინფორმაცია გაიცვალა“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე – პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო სესია, სადაც განიხილეს დემოკრატიული რეფორმები. კერძოდ, საუბარი იყო სამართლებრივ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე. კვირიკაშვილის ინფორმაციით, მეორე სესია მიეძღვნა ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო შემდეგი სესია იყო ეკონომიკური პროფილის უწყებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა.
“დღეს იგეგმება ასევე მატერიალური და ფინანსური საკითხების განხილვა და ასევე კულტურულ სფეროში გატარებული და განხორციელებული ღონისძიებებისადმი მიძღვნილი სესია. ძალიან საჭირო ინფორმაცია გაიცვალა. დიპლომატებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა რეფორმები განხორციელდა კონკრეტულად სამართლებრივ სფეროში როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პროკურატურის, ასევე შს სამინისტროს მიმართულებით, ასევე სასჯელაღსრულების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ეს ინფორმაცია ქმნის საქართველოს პოზიტიურ იმიჯს. ვთვლით, რომ ჩვენ სათქმელი მართლაც ბევრი გვაქვს, რაც შეეხება უსაფრთხოებას და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა იყო. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი მხრიდან არსებული ინფორმაცია, აქ საკითხი ეხებოდა როგორც ნატოში ინტეგრაციას, ასევე სხვადასხვა სტრუქტურებში ინფორმაციის მიტანას, რაც ეხება საქართველოში განხორციელებულ მცოცავ ოკუპაციას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს, მინისტრის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსი ძალიან დაინტერესდა ამ ინფორმაციით.
“ვთვლით, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად სისტემატიურ რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეს მათ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს იქნება საინტერესო ინვესტორთათვის და ნამდვილად არის ძალიან ბევრი სათქმელი, მათ შორის არსებობს უამრავი მექანიზმი, რომელიც ბოლო პერიოდში შექიმნა. კონკრეტულად მხედველობაში მაქვს სხვადასხვა თანადაფინასების მექანიზმები და ასევე ექსპორტის წახალისების მექანიზმები, რომელიც ძალიან საინტერესოა ინვესტორთათვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.