„ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში ეკონომიკური პრიორიტეტებისა და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები განიხილეს
„ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტებისა და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და განვითარების ძირითად მიმართულებებზე, არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობას, კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საექსპორტო ბაზრის გაფართოების კუთხით. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით რამდენიმე საელჩოს წარმატებულ საქმიანობას.
სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობის არსებული რეჟიმების სრულად გამოყენებისა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული კვანძის ფუნქციის მატარებელი ქვეყნის წარმოჩენის აუცილებლობაზე, დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებასა და ახალი პროექტების განვითარების პერსპექტივაზე.