პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო 81 ხმით დაძლია. ვეტოს დაძლევის წინააღმდეგი 12 დეპუტატი იყო.
თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელსაც 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 46-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომლის წინააღმდეგ 81 დეპუტატი წავიდა.
ვეტოს დასაძლევად მმართველ გუნდს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი – სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
რეგისტრაცია საკანონმდებლო ორგანოში 91-მა დეპუტატმა გაიარა, ქვორუმისთვის კი 75 ხმა იყო საჭირო.
პარლამენტმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საკითხის კენჭისყრა, დროის ამოწურვის გამო, გუშინ ვერ მოახერხა.
ვეტოდაძლეული კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ის ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შევა.