როგორ აფასებს დავით უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებს?

მთავრობას აქვს პარლამენტის ნდობა, პრემიერ-მინისტრს კი აქვს კონსტიტუციით მიცემული უფლებამოსილება, ამ ტიპის ცვლილების განხორციელების – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრები დაკისრებულ მოვალეობებს წარმატებით გაართმევენ თავს.

„ჩემი დელეგაციის თანმხლები პირები იხსენებდნენ იმას, რომ საკმარისია უცხოეთში წავიდეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საქართველოში. ასე რომ, მე აქედან მიწევს შეხმიანება ამ პროცესისადმი. უფრო დეტალურად, ალბათ, საქართველოში მოგახსენებთ. ამასობაში, ის ხალხი, ვინც გადაადგილდა, თუ ვინც ჩაიბარა ახალი მნიშვნელოვანი თანამდებობები, ძალიან კარგად ვიცნობ მათ, ვიცი მათი შესაძლებლობები, მათი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მთავრობას აქვს პარლამენტის ნდობა, პრემიერ-მინისტრს აქვს კონსტიტუციით მიცემული უფლებამოსილება ამ ტიპის ცვლილების განხორციელების. იგი უკეთ ხედავს მიმდინარე პროცესებს, უკეთ იცის თითოეული მინისტრის დღევანდელი პოტენციალი, შესაძლებლობები, რომელ უბანზე ვინ სჭირდება. ასე რომ, მას აქვს ჩვენი მხარდაჭერა ამ პროცესში. გასაკვირი რა ნახეთ, მე ეს მიკვირს იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების და საელჩოების დანიშნულებაა, იმუშაონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და დღეს, ჩვენს ქვეყანას საგარეო თვალსაზრისით, აქვს ორი ძალიან დიდი პრიორიტეტი – ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყანაში სწორედ ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ასე რომ, პრემიერ-მინისტრი თუ თვლის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე უნდა იმუშაოს, ეს გასაკვირი კი არა, ძალიან მოსაწონი და მისასალმებელი ამბავია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები