თეა წულუკიანი: ყველა პოლიტიკოსს დასავლურ-ევროპული სტანდარტების მიხედვით აქვს თმენის ვალდებულება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ყველა პოლიტიკოსს, დეპუტატს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დასავლურ – ევროპული სტანდარტების მიხედვით აქვს თმენის ვალდებულება“.
პარლამენტში გუშინ, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განცხადება გააკეთა.
“ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ “ენჯეო-ელ სოროსელს”, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.