ირაკლი ღარიბაშვილი: 100-ზე მეტი მცურავი საშუალება გასხვისდა, რაც ძალიან დიდი დანაშაულია
100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები გასხვისდა, რაც, ვფიქრობ, ძალიან დიდი დანაშაულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში, სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სასაზღვრო სფეროს განვითარებისთვის მთავრობას მრავალი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. მათ შორის, საზღვაო ფლოტის და სანაპირო დაცვის მოდერნიზება.
“ჩვენ ამის მომსწრენი ვიყავით, სულ რაღაც 3 წლის წინ, მთელი სანაპირო დაცვა აბსოლუტურად იგნორირებული იყო. არავითარი საქმიანობა არ გაწეულა ამ მიმართულებით. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფოს დახმარება გვქონდა. მინდა გითხრათ ისიც, რომ 100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც, ვფიქრობ, ძალიან დიდი დანაშაულია. ჩვენ გვსურს, რომ დღეს დავისახოთ მიზნად, საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე და მოდერნიზებული.
ასევე მინდა გითხრათ, რომ სასაზღვრო სფეროს განვითარებისთვის, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მრავალი პროექტის განხორციელება. მე და ჩემი მთავრობის თითოეულ წევრს, მინისტრ მღებრიშვილს, გვაქვს აბსოლუტურად გაცნობიერებული და ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ სასაზღვრო ძალების უმნიშვნელოვანესი პრინციპი – სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის გზით განმტკიცდეს საერთაშორისო უსაფრთხოება. ჩვენ გვჯერა, რომ სანაპირო დაცვის განვითარება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის გავლით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს, სასაზღვრო პოლიციის უფროსს და მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს, თქვენი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინდა მადლობა ვუთხრა სასაზღვრო პოლიციის უფროსს ბატონ გამეზარდაშვილს და ყველა იმ მესაზღვრეს, რომელიც პირნათლად და უანგაროდ იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებს. მადლობას ვეუბნები ჩვენი საზღვრის დამცველებს, რადგან სწორედ ჩვენი საზღვრების ურღვევობა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება არის დამოკიდებული თითოეული მათგანის პროფესიონალიზმზე და თავდადებაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი სახელმწოფო სწრაფად დაძლევს ამ სირთულეებს. ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებით, მალე ჩავდგებით მოწინავე ქვეყნების რიგში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.