ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება
ჩვენი ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, პრემიერის თქმით, ქვეყნის მთავარი ამოცანაა გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, პოტენციალი, რომელიც არსებობს არა მარტო ჩვენს, არამედ ყველა კონტინენტზე.
“ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გააკეთეს. ასე რომ, არათუ ჩვენს მთავრობას, არამედ არც ერთ მთავრობას არ შეეძლება ამის გადახედვა. ყოველგვარი სპეკულაციები რომ დავამთავროთ ამასთან დაკავშირებით, ეს პოზიცია არ შეიცვლება არასდროს. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, პოტენციალი, რომელიც არსებობს არა მარტო ჩვენს, არამედ ყველა კონტინენტზე. ერთია ჩვენი პოლიტიკური კურსი და მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. .
გიორგი კვირკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას გააკეთა.
“ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.