პრემიერმა “აბრეშუმის გზის” ფორუმის ჩატარებაზე ისაუბრა, რომელიც ოქტომბერში თბილისში გაიმართება

ოქტომბერში თბილისში ჩატარდება “აბრეშუმის გზის” ფორუმი, რომელიც იქნება ახალი ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარების დასაწყისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა აკისრია.
“მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი შემოვიდა. ეს გახლავთ „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის უშუალო მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, აკისრია რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს პორტების და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ოქტომბერში თბილისში ჩატარდება „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, რომელიც იქნება ახალი ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარების დასაწყისი. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს წარმოაჩენს როგორც ქვეყანას, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონის ჰაბი. გარდა ამისა, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომლის განხორცილების შედეგად თურქეთის გავლით გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, კერძოდ, ბიზნესის მიმართულებაზე ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში მთელ მსოფლიოში მე-15 ადგილზე გახლავთ, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის იკავებს პირველ ადგილს, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის – მე-9 ადგილს. ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 22-ე ადგილზე მსოფლიოში, ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო საქართველოში კორუფციის არარსებობის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი – 22-ე პოზიცია მთელ მსოფლიოში, არის დასტური იმისა, რომ ჩვენი მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გამოსვლის ბოლოს გაწეული საქმიანობისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ყოფილ მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები