თეა წულუკიანი: დღეს მედია თავის კრიტიკაში, შეფასებებში უპრეცედენტოდ თავისუფალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი -2 ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამართლებრივი დავა ყოფილ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების თემა.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო, პირუთვნელ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
“დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს არ ეშინია ხელისუფლების, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლის და ყველა არის თავისუფალი, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და რაც მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია. რაც შეეხება სამართლებრივ დავას ყოფილ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების თემა და მათ შორის არც ჩემი საქმე. იმედი მაქვს, სასამართლო, რომელიც სხვებთან ერთად მე გავათავისუფლე სამი წლის წინ, მიიღებს პირუთვნელ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩემი თემა. ეს მესამე ხელისუფლების – მოსამართლის თემაა”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი ასევე ტელეკომპანია “იმედზე” ორი ტოქშოუს დახურვასაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, როგორც ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია მედიას არ უნდა დაეკარგოს და მან მოქალაქეებს ისევ უნდა მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია.
“რაც შეეხება ქალბატონი ინგას გადაცემის შეჩერებას თუ დახურვას, მე არ ვარ ჩახედული ამ თემაში, მაგრამ აქაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ჟურნალისტი, ის არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს გაგრძელება იგივე, თუ სხვა არხზე, როგორც თავად გადაწყვეტს, რომ მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის აქ მთავარი, დანარჩენი სარედაქციო პოლიტიკაში, თუ რას გადაწყვეტს “იმედის” ხელმძღვანელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის საქმე არ არის, მათ შორის არც ჩემი და ძალიან კარგია, რომ ეს ასეა”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები