გიორგი ვოლსკის შეფასებით, „იმედის“ ტოქშოუს დახურვით ბურთი და მოედანი „რუსთავი 2-ს“ დარჩა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ტელეკომპანია „იმედის“ ტოქშოუს დახურვით ბურთი და მოედანი „რუსთავი 2-ს“ დარჩა. როგორც ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ხელისუფლების მისამართით ბევრი ისეთი ბრალდება არსებობს, რომელზეც პასუხის გაცემა არც ღირს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ აღნიშნული ტოქშოუს დახურვაში ხელისუფლების ჩარევაა.
„მედიის შეზღუდვის კუთხით მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ხელისუფლებას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. მსგავსი მაგალითი საქართველოს ისტორიას ბევრი ჰქონია. რასაკვირველია, უფრო დახვეწილია „რუსთავი 2“, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი პროპაგანდისტულ ველზე, ვიდრე ის გადაცემა, რომელსაც პოლიტიკური ტოქშოუები ერქვა. საერთოდ, გაუგებარია, რატომ საუბრობენ მრავლობითში, როცა საუბარია ერთ ტოქშოუზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ „კვირას“ პრესკლუბში.
მისივე შეფასებით, რა გახდა აღნიშნული ტოქშოუს დახურვის მიზეზი, გამოჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედი“ საზოგადოებას ახალ პროდუქტსაც შესთავაზებს:
„ბუნებრივია, რომ 6 თვის მანძილზე „რუსთავი 2-ს“ მთლიანად დაეთმობა საკონკურენციო ველი. გარდა ამისა, პროდუქტს, რომელსაც შემოგვთავაზებს ტელეკომპანია „იმედი“, ახალი გადაცემის სახით, ექნება გარკვეული დასკვნა, თუ რა მოხდა რეალობაში. ამ ეტაპზე, საინფორმაციო ველზე ტოქშოუების თვალსაზრისით კონკურენტი არ არსებობს და ბურთი და მოედანი „რუსთავი 2-ს“ დარჩა. ეს არის ერთი შედეგი. მეორე – ინდმეწარმის დონის პარტიებს პულსი ესინჯებათ და საშუალება მიეცათ, ახალი შეტევა მიიტანონ ხელისუფლებაზე, რომელსაც სწორედ მედიათავისუფლების საკითხში აქვს ერთ-ერთი მაღალი რეიტინგი“, – აცხადებს ვოლსკი.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, ეს არის მთავრობაზე შეტევის მაგალითი, რომელიც საარჩევნო პერიოდში მრავლად იქნება.