გიორგი ვოლსკი: ხვალ პარლამენტის ბიუროზე განიხილება, რა საკითხებით გაიხსნება სესია
პარლამენტის სხდომა მიმდინარე კვირას გაიხსნება. ხვალ კი ბიურო შეიკრიბება, რომელიც განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, განსახილველ საკითხთა შორის იქნება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევა.
ასევე ხვალინდელი ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, როდის მოუსმენს საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ესეც მიმდინარე კვირის საკითხია და პირადად მას ირაკლი ქადაგიძესთან ერთი მნიშვნელოვანი კითხვა აქვს:
„ირაკლი ქადაგიძესთან ერთ კითხვა მაქვს – რა ნიშნით და რა მონაცემებით ამბობენ, რომ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებიდან მისი დამოუკიდებლობის დაკარგვას გამოიწვევს და ინვესტორმა, რომელიც ინვესტიციაზე ფიქრობს, რატომ უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს საკითხი ხელს შეუშლის მისი ფინანსების შემოტანას საქართველოში?“
გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიმდინარე სასესიო კვირის თემებია პროკურატურის რეფორმა, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა, დეტალებზე ძალიან საინტერესო დებატებსა და დაპირისპირებას ელოდება. ასევე, ვეტოს დაძლევაზე და საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე, რომელზეც თავად ვოლსკის 40-მდე შეკითხვა აქვს.