გიორგი ვოლსკი: არჩევნების ბოიკოტის ავტორებს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ბოიკოტს სხვა ქვედინებები აქვს, ვიდრე ოპოზიცია აცხადებს. მისი შეფასებით, ბოიკოტის იდეის ავტორები სწორედ ის პარტიები არიან, რომლებსაც შუალედურ არჩევნებში შანსი არ აქვთ. აღნიშნული განცხადება გიორგი ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ბოიკოტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა. მთავარი შეკითხვაა: საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით რატომ არ მივიღეთ ის შემოთავაზება, რაც ოპოზიციურ არასაპარლამენტო პარტიებს გააჩნიათ „ნაციონალებთან“ ერთად. თითქოს სწორედ ეს არის არჩევნების ბოიკოტის მიზეზი. არადა, „ნაციონალების“ განცხადებით, სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მიზეზი. სწორედ ეს მინიშნება იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელზეც სხვა პარტიები არ საუბრობენ, თუმცა გამოჩნდა, რომ მათი საერთო ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური კრიზისი. ეს ის პარტიები არიან, რომლებიც სწორედ „ნაციონალების“ სატელიტს წარმოადგენენ და არც მარტვილში და არც საგარეჯოში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ისინი თვლიან, რომ ბოიკოტით ხელს შეუწყობენ პოლიტიკური კრიზისის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას, რაც გადაჭარბებული, არასწორი და ქვეყნისთვის დამაზიანებელია“.