იანს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტისას ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს გენერალური მდივნის რანგში ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი.