„მირჩევნია ვიჯდე, ოღონდ სხვა საქმე არ ვაკეთო…“
„არჩევანის წინაშე არასდროს ვმდგარვარ. შინაგანი ინტერესი სულ ამ საქმის მიმართ მქონდა. მთელი ბავშვობა ფაქტობრივად ის ვიყავი, რაც ახლა ვარ, უბრალოდ არ მქონდა ეს ნამუშევრები და ცოდნა, რაც ახლა მაქვს. არ ვიცი, როგორ გაჩნდა ამ საქმის მიმართ ინტერესი. ალბათ, უბრალოდ ნიჭია. ყველა ბავშვი ხატავს, ერთობა, თამაშობს, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა უბრალოდ, თავისუფალ დროს გართობა. ეს იყო საყვარელი საქმე. სკოლიდან მეცხრე კლასიდან გამოვედი და ხელოვნებისა და კულტურის უნივერსიტეტის კოლეჯში სახვითი ხელოვნების მიმართულებით, სივრცული პლასტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. იქ გამოიკვეთა უკვე ქანდაკების მიმართ ინტერესი. დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია და რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს არის გზა, რომელსაც ბოლომდე უნდა გავყვე…“ – მოქანდაკე ბექა თაბუკაშვილი.
– თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია…
– ყველაფერი მაღალ დონეზე არასდროს არსად არ არის და არც იქნება. ყველგან არსებობს მინიმუმი მაინც იმისთვის, რაც შენშია, მას გზა მისცე. შეიძლება, ძალიან კარგ გარემოში მოხვდე, მაგრამ ვერ გამოიყენო და ვერ შესძლო საკუთარი თავის რეალიზება. მე მქონდა ჩემს თავში მიზანი, მქონდა საყვარელი საქმე და ვცდილობდი, მაქსიმალურად გამომეყენებინა ეს გარემო. მართალია, იმიტომ, რომ აკადემია ვერ არის თავის სიმაღლეზე, ბევრი დაბრკოლება მქონდა, ელემენტარულისთვის ძალიან ბევრი სირბილი მიწევდა, მაგრამ ეს ბარიერები სიჯიუტით და საქმის სიყვარულით გადავლახე. პირველივე კურსიდან აქტიურად ვმუშაობდით მე და ჩემი ჯგუფელები. გვქონდა ძალიან ბევრი გამოფენა, ვმონაწილეობდით კონკურსებში, ფესტივალებში, მათ შორის, ყინულის ფესტივალში, შევქმენით ორგანიზაცია, წარმატებული საქველმოქმედო გამოფენა გვქონდა, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“. ქალაქ ფოთში, მუსიკალური სკოლის ეზოში დაიდგა ჩემ მიერ თეთრ მარმარილოში შესრულებული ქანდაკება „გენი“. მე ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი სტუდენტობის წლები გვქონდა. ერთადერთი, რაც მე და ჩემს მეგობრებს გვაწუხებდა, იყო, ის, რომ საერთაშორისო სივრცე გვქონდა ჩაკეტილი.
– კონკურსები, ფესტივალები, გამოფენები…
– ეს აქტივობები გიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო მეტი იფიქრო და გააკეთო. ქანდაკებაზე მუშაობა სწორედ იმით გამორჩევა, რომ მთლიანად ჩართული ხარ მოქმედებაში. ყველა გამოფენა, კონკურსი თუ ფესტივალი არის ერთგვარი სტიმული, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. სხვა კუთხით უყურებ შენს შემოქმედებას, იზრდები. ყველა პროექტმა, რომელზეც ვიმუშავე, სხვადასხვა მიმართულებით რაღაც შემძინა და დღეს უფრო ფართოდ მაქვს გამოცდილების სფერო გაშლილი.
– ყველაზე საინტერესო პროექტი…
– ყველაზე დიდი პროექტი იყო, როცა ფილმში მოქანდაკედ გამიფორმეს კონტრაქტი. ფილმი საქართველოში ჰოლივუდმა გადაიღო და დეკორაციები შევქმენი. მართალია, ცოტა განსხვავებული პროექტი იყო, მაგრამ მაინც ჩემი პროფესიით ვიმუშავე, რამაც კიდევ სხვა კუთხით დამანახვა ჩემი საქმე. დაზგურ ქანდაკებაზე მუშაობის დროს, ყველაფერს ვეთიშები. დიდი სიამოვნებაა ერთ ფორმაზე კონცენტრირება, ფიქრი, როცა შეგიძლია ნამუშევარი ნებისმიერ სივრცეში წარმოიდგინო. დგახარ ნამუშევრის წინ, მაგრამ, ხარ გაშლილ სივრცეში. უყურებ ყველანაირი რაკურსით და თვალით. გარდა ამისა, მომიწია უცხოელებთან მუშაობა, რაც ჩვენ ძალიან გვაკლდა.
– ინსპირაციის წყარო…
– არ აქვს თავისი ბილიკი და კარები, რომ ამ კარს შემომიღებს და შემოვა. რომ დავდივარ, ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს. ყველაზე სასიამოვნო სწორედ, ის არის, რომ არაფრისგან, სტიქიურად, რაღაცას დაუკავშირებ, საერთოდ სხვანაირად წარმოიდგენ, მერე გონებაში ამ ყველაფერს გადაიტან ფორმაში, მიდიხარ დაზგასთან და იწყებ მუშაობას. მუშაობას იწყებ არაფრისგან, რომელიც თვალდახუჭული მხოლოდ გონებაში არსებობს, და შენს თვალწინ აღმოცენდება, ჩნდება. ახელ თვალს და უკვე შენს თვალწინაა. ეს არის ყველაზე ბედნიერი ინსპირიცია, რომელიც მოდის არაფრისგან და იცი, რომ ეს შენია. შენს გარეშე ის არ იარსებებდა. მაშინ ვარ ყველაზე კმაყოფილი, რომ ვცხოვრობ და ვარსებობ.
ყველაზე რთულია და ცოტა არასასიამოვნო, როცა კონკრეტული თემის ირგვლივ გიწევს ფიქრი. როცა ჯერ გაქვს სახელი, მოცემულობა და მერე უნდა შექმნა. გარკვეულწილად, ჩარჩოებში ექცევი.
– გამორჩეული ნამუშევარი საკუთარ შემოქმედებაში…
– რამდენიც არ უნდა იძახო, რომ ყველა ნამუშევარი შვილივით გიყვარს, ეს ასე არ არის. ნამუშევარი, რომელთანაც უფრო მეტი დრო გაატარე, შედარებით მეტი იმუშავე, მეტი იფიქრე და მეტ კითხვაზე გაგცა პასუხი, ყველაზე კარგად გახსოვს და გიყვარს. ნებისმიერ შემოქმედს აქვს წამყვანი ნამუშევარი, რომელიც ყველაზე გამორჩეულია და, რა თქმა უნდა, მეც მაქვს. ამ ქანდაკების გაყიდვაზე უარიც ვთქვი. ამერიკელს უნდოდა ყიდვა, მაგრამ ვერ გავიმეტე. ქანდაკება ისეთ მასალაშია შესრულებული და ისეთი გამომსახველობით, რომ ვერც გავიმეორებდი. საერთოდ, ვმუშაობ ქვაზეც, ლითონზეც, ხეზეც, მაგრამ თაბაშირზე მუშაობა უფრო მიყვარს.
– მუშაობისთვის საჭირო გარემო…
– მიუხედავად იმისა, რომ მე ბუნებით მშვიდი ადამიანი არ ვარ, სიმშვიდე მჭირდება, რადგან ჩემმა შემოქმედებამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ბედნიერება მომიტანა. მუშაობის დროს სრული კონცენტრაციაა საჭირო, რომ ნამუშევარში შეხვიდე, რომელიც მხოლოდ შენს გონებაშია. მუშაობის დროს, მხოლოდ მე და ჩემი ნამუშევარი უნდა ვარსებობდეთ, რაც მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდის დროს არის შესაძლებელი.
– პერსონალური გამოფენა…
– სახვითი ხელოვნების მიმართულებებს შორის ყველაზე რთულია ქანდაკებაში პერსონალური გამოფენის გაკეთება. არ არსებობს ქანდაკება, რომელიც მცირე დროში კეთდება. სრულ ქანდაკებად თუ არ შექმენი, მას ჩანახატსაც ვერ დაარქმევ. თითოეულ ქანდაკებას სჭირდება ძალიან დიდი დრო და, როცა გარკვეულ რაოდენობას შექმნი, შეიძლება რომელიმე აღარ მოგეწონოს. ამიტომ ასეთ ადრეულ ასაკში ღირებული პერსონალური გამოფენის მოწყობა არ არის შესაძლებელი.
– მუშაობ შეკვეთებზე, საერთოდ თუ იყიდება ნამუშევრები…
– დიახ, შეკვეთებზე ვმუშაობ, სტუდენტობის პერიოდში რამდენიმე ნამუშევარიც გაიყიდა. მათ შორის, „ანა ფრანკი“, რომელიც ქალბატონმა სანდრა რულოვსმა შეიძინა. თუმცა, სისტემატურად არ იყიდება და ვერც ვერავის გავამტყუნებ. ვცდილობ, რეალობა აღვიქვა. ხალხს იმდენი პრობლემა აქვს, რომ ვერ მოსთხოვ ესთეტიკურ სიამოვნებაზე იფიქროს. ჩვენი ნამუშევრები მაშინ გაიყიდება, როცა სახელმწიფო ხელს შეუწყობს ადამიანებს, აღარ ჰქონდეთ ყოველდღიური პრობლემები.
საბედნიეროდ, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე, გავხდი მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი და ერთ წელში ამირჩიეს კავშირის ქანდაკების სექციის მიმართულების ათკაციანი საბჭოს წევრად. სამი წელია უკვე იქ ვარ. ვარ აგრეთვე, მოქანდაკეთა ასოციაციის წევრიც. ვცდილობ, მაინც ჩემი პროფესიით ვიცხოვრო, რადგან საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია სხვა სფეროში. გარდა ამისა, ვხატავ. ფერწერაში ვმუშაობ, მაგრამ ჩემთვის დომინანტი არ არის. ყველა მოქანდაკე ხატავს და ფერწერაში მუშაობს, მაგრამ ყველა ფერმწერი ქანდაკებას ვერ აკეთებს.
– მაგისტრატურა რამდენიმე წლის წინ დაამთავრე, თუმცა სადიპლომო ნამუშევარი ახლა გააკეთე…
– მაქვს პროექტი „ლენდ არტს“, რომელიც საგამოფენო დარბაზის სივრციდან გადის და ხორბლის ყანაში უნდა გაკეთდეს კონსტრუქცია. სამწუხაროდ, ფინანსების გამო ეს პროექტი გაჩერდა და სწორედ მის გამო გადავდე სადიპლომო ნამუშევარი. კომპოზიცია არის გაშლილი და არ არის ერთ წერტილში მიმართული. ეს არის ტრადიციული ფორმებით გადმოცემული არატრადიციული კომპოზიცია და ეწოდება „განკრთომა“.
– ფოტოგრაფია…
– მე მაქვს ჩემი საყვარელი საქმე – ქანდაკება და ამ მხრივ მოსული იდეების გადმოსაცემად მიწევს მასალების მატერიების გაშლა. ამისთვის ფოტოგრაფიის ხერხი ავირჩიე. ფოტოგრაფიაში მე ჩემი პროფილი მაქვს და მოიცავს სხეულის ესთეტიკას. ყურადღებას მხოლოდ იმას ვაქცევ, რაც ჩემს საქმესთან არის დაკავშირებული და ქანდაკების ხასიათში ზის.
მზევინარ ხუციშვილი