„ნახატი ისეთი რაღაცაა, დრო მოვა და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის…“
„სამი წლიდან ვხატავ. დედა ორსულად იყო და რატომღაც ვხატავდი დაიკოს. ცოტა სასაცილო ისტორიაა, მაგრამ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. სკოლის პერიოდში არაერთი გამოფენა იყო, თუმცა გადაწყვეტილი მაინც არ მქონდა, რომ ხატვას გავაგრძელებდი. არც იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი ნამუშევრები გაიყიდებოდა. ძირითადად, გაჩუქებული მაქვს. 14 წლის ვიყავი, პირველად ჩემი ნახატები ამერიკაში რომ წაიღეს. სწორედ, იქ გაიყიდა ჩემი პირველი ფერწერული ტილო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემთვის კი ეს ფაქტი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა, ხატვა გამეგრძელებინა…“ – მხატვარი და მუსიკოსი გიორგი პაპკიაური.
– თვითნასწავლი მხატვარი ხარ…
– დიახ. ალბათ, სწორედ ამიტომ მოსწონთ და არის ჩემი ნამუშევრები განსაკუთრებული, რომ არ მაქვს ნასწავლი, არავის ზეგავლენის ქვეშ არ ვარ და უცხოა. უცხოა ფერებიც და შესრულების მანერაც. მე დავამთავრე მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი, არქიტექტურა-კერამიკის ფაკულტეტი. თუმცა არ მქონია შეხება არც არქიტექტურასთან და არც კერამიკასთან. ახლაც ვერ გეტყვით, რატომ ავირჩიე ეს მიმართულება. უბრალოდ ასე მოხდა.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– ხატვა არის ჩემი სამყარო, ამიტომ აუცილებლად მარტო უნდა ვიყო და მუსიკა დაბალ ხმაზე იყოს ჩართული. მუშაობის პროცესში მთელი ჩემი შინაგანი სამყარო მაქვს გახსნილი. მაშინ ვჩანვარ, ვინ ვარ, რა ვარ, როგორი ვარ. თუ სტუმარი მოვა, მუშაობას თავს ვანებებ. მე სახლში ვმუშაობ, სამწუხაროდ, სახელოსნო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და საკუთარ თავს ამ ფუფუნების შესაძლებლობას ვერ მივცემ. საქართველოში ხელოვანი ადამიანები არც ისე კარგად ცხოვრობენ. მართალია, ჩემი ნამუშევრები იყიდება, მაგრამ იმ თანხას ისევ მუშაობაში ვდებ.
– ინსპირაციის წყარო…
– ჩემი ინსპირაციის წყარო და მუზები ჩემი განვლილი და მომავალი ცოხვრებაა. მართალია, ნახატი მაქვს მიძღვნილი , მაგრამ კონკრეტული ადამიანი ჩემი მუზა არასდროს ყოფილა. ჩემი ყველა ნამუშევარი სხვადასხვა ხასიათს ატარებს. არასდროს ვფიქრობ სილამაზეზე, უბრალოდ შინაგანად მაქვს რაღაც და იმას ვამუშავებ. ერთადერთი, რასაც ვცდილობ, არ იყოს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული. უნდა იყოს ბავშვურიც, ცოტა პრიმიტიულიც. მე ჩემი ხედვა მაქვს, ამიტომ ჩემი შემოქმედება არავისას არ ჰგავს. შესაბამისად – ფერებიც. ზეთში მუშაობის დროს, ყველა მხატვარი ელოდება, რომ გაშრეს ერთი ფერი და ერთმანეთში არ აირიოს. მე არ ველოდები გაშრობას. ამიტომ რთულია მუშაობა, მაგრამ უფრო ლამაზია და საინტერესო.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვს შენს შემოქმედებაში?
– მაქვს ერთი, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებსაც არ უნახავთ. სამი წელია ტილოშია გახვეული და დარწმუნებული ვარ, ოდესღაც აუცილებლად გამოიწვევს დიდ ინტერესს.
– კონკურსები და გამოფენები…
– როგორც იცით, ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უნდა გამართულიყო და 13 ივნისს სტიქიით დაზარებულთა ოჯახებს უნდა დავხმარებოდი. სამწუხაროდ, გამოფენა ჩაიშალა და რადგან თანხის შეგროვება ვერ შევძელი, საკუთარი სახსრებით 24 წლის გოგონას დავეხმარე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. საერთოდ, თუ ვხედავ, რომ შემოსავალი აღემატება იმას, რაც ხარჯი მაქვს, ვცდილობ ცოტა ქველმოქმედებაშიც შევიტანო ჩემი წვლილი. ვფიქრობ, ყველა ქართველი ვალდებულია ასე მოიქცეს. ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ, სხვა არვინ დაგეხმარება.
საქართველოში კიდევ ორი გამოფენაა დაგეგმილი და მეტს აღარ გავაკეთებ. ძალიან უარყოფითი ემოციები მოდის. თითქოს ხალხი მზად არ არის სიახლისთვის. არ ვიცი, რატომ ხდება, ალბათ, დაძაბული ცხოვრების გამო. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მედიასაშუალებას ყურადღებისთვის. ხელოვანისთვის ეს დიდი მხარდაჭერა და სტიმულია. თითქოს გამოფენაზეც მოდის ხალხი, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ინტერესი მაინც ნაკლებია, იმის მიუხედავად, რომ ჩემს ყველა გამოფენა შოუს ელემენტებიც ახლავს, ის არ არის მხოლოდ გამოფენა, მუსიკასთან ერთად ერთი ლამაზი საღამოა. ხალხი განსაკუთრებით ვერ აღიქვამს აბსტრაქციას, რაც ზუსტად ის ემოციაა, რაც რეალურად შენია და ტილოზე გადმოგაქვს. საერთოდ, საზღვარგარეთ უფრო აფასებენ შემოქმედ ადამიანებს. ჩემი ნამუშევრები ინახება გერმანიასა და ამერიკაში, კერძო კოლექციებში. ახლა უკრაინაში და მოსკოვში ვგეგმავ გამოფენებს, უკვე მაქვს მოლაპარაკება. იცით, ნახატი ისეთი რაღაცაა, დრო მოვა და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. ისე რომ წავიდე ამ ქვეყნიდან, ერთი ნამუშევარიც არ გავყიდო, ვიცი, რომ ჩემი შემოქმედება პოპულარული და აქტუალური იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში ხელოვან ადამიანს რომ ვკარგავთ, მერე ვხვდებით, ვინ დავკარგეთ.
რაც შეეხება კონკურსებს, საზღვარგარეთ ვმონაწილეობ და ყოველთვის პირველ ადგილს ვიღებ.
– შემოქმედის თვალით დანახული ჩვენი რეალობა…
– ცხოვრება, ზოგადად, ძალიან საინტერესო და რთულია. მცდელობა გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მაგრამ ძირითადად, ახლანდელი ჩვენი მდგომარეობა არის ნაცრისფერი. უბრალოდ, მინდა ხალხს ვუთხრა, თუ გინდათ, ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოთ, ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ. მათ შორის, იმუშაოთ ყოველ წუთს და წამს საკუთარ თავზეც. შესაბამისად, მოიმკით იმას, რა შრომაც ჩადეთ, დღეს თუ არა ხვალ მაინც. რაც მთავარია, შენი ხელოვნება არ უნდა შეაფასო, როგორც ბიზნესი.
– მუსიკა, პოეზია…
– მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. მუსიკასთანაც ბავშვობიდან მაქვს შეხება, არც კი მახსოვს, როდის დაიწყო მუსიკის დაბადება ჩემში. ასეთი კონკრეტული დღე და საათი არ არსებობს. სკოლაში გუნდში ვმღეროდი, ეკლესიაში ვგალობდი. მერე გარკვეული პერიოდი ხმა დავკარგე. ძირითადად, ჩემი სიმღერების მუსიკის და ტექსტის ავტორი მე ვარ. იყო დრო, როცა გარკვეულ წრეში ჩემი სიმღერები პოპულარული იყო, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა. მე მიყვარს იმპროვიზაცია და არ მიყვარს ჩარჩოები. მუსიკის კუთხით, ახლა შემოქმედებითი პაუზა მაქვს. საერთოდ, ძალიან კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი და ალბათ, ამიტომ ვერ შევძელი რეალიზება. უკვე, იმ ასაკშიც არ ვარ, რომ თვალდახუჭული გადავდგა ნაბიჯი. მქონდა საშუალება, პროექტებში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ გავრისკე. მოსკოვშიც ვიყავი წასული, დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა სიმღერებმა, მაგრამ, რუსეთის მოქალაქე რომ არ ვიყავი, არ გამოვიდა თანამშრომლობა. მაშინ საქართველოზე უნდა მეთქვა უარი. მართალია, პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ მაინც ქართველი ვარ და არ ჩავთვალე საჭიროდ.
12 წლის ასაკში დავიწყე ლექსების წერა. ახლაც ვწერ, მაგრამ არ ვაქვეყნებ. ვთვლი, რომ ზედმეტი და არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, ამდენი რამ. მირჩევნია დაგროვდეს ეს ყველაფერი. რაც უნდა იყოს, ის აუცილებლად იქნება. შეიძლება ასაკში გამოვაქვეყნო. რაც მთავარია, ხატვა, მუსიკა და პოეზია ერთმანეთს ხელს არ უშლის. ყოველთვის არის მომენტი, როცა პაუზა უნდა აიღო და ახალ ეტაზე გადახვიდე. ჩემი შემოქმედებაც ამ პაუზებით არსებობს.
– რამდენიმე დღეში ბათუმში იქნება შენი გამოფენა…
– 19 და 20 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება ჩემი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც 40-მდე ფერწერული და აბსტრაქციული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება ერთი საინტერესო, ლამაზი საღამო, რომელსაც მუსიკალურად ბენდი „სისაიდი“ გააფორმებს. არ აქვს მნიშვნელობა, ნამუშევრები გაიყიდება თუ არა, უბრალოდ, მე ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს.
მზევინარ ხუციშვილი