დავით უსუფაშვილმა ლიტვის ელჩი მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ლიტვის რესპუბლიკის ელჩის განცხადებით, საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. მისივე თქმით, ლიტვა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, მზადაა, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, დახმარება აღმოუჩინოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის მნიშვნელობა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის, ყველა მიმართულებით გრძნობდა ლიტვის მხარდაჭერას. შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე ისაუბრეს. განიხილეს შიდაპოლიტიკური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) ისაუბრეს.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველო ვარშავის სამიტისთვის ემზადება. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებზეც, რომელიც, როგორც საქართველოში, ასევე, ლიტვაში 2016 წელს გაიმართება.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და ლიტვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. დავით უსუფაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2015 წლის 20 ივლისიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები