„ხელოვნება საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“

„თუ ოდნავ მაინც გიყვარს შენი საქმე, ნებისმიერ სირთულეს გადალახავ. მაშინ, როცა მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებ შენი ცეკვით, ეს განცდა ყველაფერს გადაწონის”. – მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა, ანა ტურაზაშვილი.

– როგორ დაიწყე საბალეტო კარიერა…
– გოგოების უმრავლესობას ბავშობიდანვე აინტერესებს ბალეტი. ხუთი წლიდან უკვე იწყებენ სხეულის მომზადებას, თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ცოტა არასერიოზულად დაიწყო. ძალიან მიყვარდა საბალეტო კაბები და ცეკვა. ძალიან მორცხვი ვიყავი, ვერც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ცეკვისას სხვას გვერდიდან ეცქირა. გამოვეწყობოდი ხოლმე დედაჩემის კაბებში და ვცეკვავდი. მაშინ ცხრა წლის ვიყავი… დედაჩემმა შეამჩნია ჩემი ასეთი მონდომება, ერთ დღესაც შემომთავაზა ბალეტზე შესვლა. დავთანხმდი და წავედით მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი საბალეტო კარიერა. 10 წლის უკვე ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში მიმიღეს.
ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და ყოველთვის მხარში მედგნენ. ხშირად მირჩევდნენ, რომ მოსკოვის დიდ თეატრში ჩამებარებინა. 14-ის რომ გავხდი, გავაგზავნე ჩანაწერი, როგორ ვვარჯიშობ და ვცეკვავ. მოსკოვის საბალეტო აკადემიიდან დადებითი პასუხი მომივიდა.
– დიდი თეატრის დიდი სცენა…
– მთელ მსოფლიოში, სეზონურად სპექტაკლების რაოდენობა დიდ თეატრში ყველაზე მეტია. წელიწადში დაახლოებით 220-ზე მეტი წარმოდგენა იმართება. მეტი სპექტაკლი, შესაბამისად, მეტი რეპეტიცია და, ბუნებრივია, დატვირთვაც ბევრად დიდია.
დიდი თეატრიდან პარიზის, ლონდონის, ნიუ-იორკის და სხვა ქვეყნების საუკეთესო სცენებზე მიგვიწვიეს. თუმცა, დიდი თეატრის სცენა ალბათ ყველას სჯობს. მეტი ენერგია გჭირდება, რომ ბოლომდე დაეუფლო მის სცენას.
მაყურებელიც ძალიან კარგია. 3 თვით ადრე ყველა ბილეთი იყიდება. არიან ისეთებიც, რომელიც 15 წლის განმავლობაში არცერთ სპექტაკლს არ აკლდებიან. როდესაც ხედავ დაფასებას მაყურებლის თვალებში, ამას ალბათ ვერაფერი შეედრება.
– როგორ გახდი სოლისტი?
– სოლისტობამდე რთული გზის გავლა მომიწია. დიდ თეატრში საერთოდ ყვეფერი დიდია. დასი 230 მოცეკვავისგან შედგება, შესაბამისად, კონკურენციაც უზარმაზარია. ყველდღე რაღაცის დამტკიცება გიწევს. თავიდან ყველას კორდე ბალეტში იღებენ, შემდეგ გაძლევენ პატარა სოლოებს. კორდე ბალეტში რჩები იქამდე, სანამ სოლისტის სტატუსს არ მოგანიჭებენ. წელს შეიკრიბა სამხატვრო საბჭო და მე და ერთი გოგონა სოლისტებად გადაგვიყვანეს.
– სირთულეები…
– ბალეტს, როგორც ჰობს, ისე ვერ შეხედავ, ძალიან რთული პროფესიაა. ბევრია, რომლებიც იტანჯება და აღარ სურს ცეკვა. თუ ოდნავ მაინც გიყვარს შენი საქმე, ნებისმიერ სირთულეს გადალახავ. მაშინ, როცა მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებ შენი ცეკვით, ეს განცდა ყველაფერს გადაწონის.
– რა არის ხელოვნება?
– ხელოვნება ხომ საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ხელოვნების ყველა დარგს პატივს ვცემ, მიყვარს ხატვა, მუსიკა… ცეკვისას თავისუფალი ვარ…
– შენი საყვარელი როლი?
– ძალიან მიყვარს ბალანჩინის ბალეტები. თბილისშიც ვცეკვავდი სერენადას. დიდ თეატრში იდგმება ბალანჩინის „ბრილიანტები“. ძალიან ლამაზი ბალეტია. ჩაიკოვსკის მუსიკაზეა აგებული და საოცარი დადგმაა.
– თავისუფლება ბალეტში…
– პირველივე დღეებიდან გასწავლიან, როგორ უნდა იდგე, როგორ უნდა იჯდე… თითოეულ ჟესტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა მოძრაობა ძალიან მკაცრადაა დაკანონებული. უნდა მოძებნო შენს თავში ის ფუნჯი, რომელიც შენს მოძრაობებს ფერს შესძენს და გამოგარჩევს.
კორდე ბალეტში ყველა ერთნაირ მოძრაობას აკეთებს, მაგრამ შენი ხასიათი და ბუნება არ უნდა იყოს დაფარული. თუ ხარისხი არ დააკნინე შენი ხასიათში შესრულებული ცეკვით, ეს უკვე კარგია და სწორედ ამიტომ უფრო შეგიყვარებს მაყურებელიც.
– სამომავლო გეგმები…
– ძალიან მინდა რომ გავიდე ევროპაში. დიდი თეატრის დატოვება არ მსურს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ევროპაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, რათა მათი თეატრების გულისცემაც მოვისმინო.
რას ურჩევ პატარა ბალერინებს?
– ბალეტში უმთავრესი მაინც დისციპლინაა. უნდა დაუჯერო პედაგოგებს, მაგრამ შენს გულისცემასაც უნდა მიენდო, რათა შენი სტილი აღმოაჩინო. ნუ შეგაშინებთ საკუთარი თავის გამოვლენა და აუცილებლად შეგიყვარებენ!

ლექსო მიგრიაული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები