„მინდა, ჩემი შემოქმედებით ადამიანებს სიყვარული დავანახვო…“

„პატარაობიდან, როგორც ყველა ბავშვი, ისე ვხატავდი. შენახულიც მაქვს ის ნამუშევრები. პირველი ნახატი -„ბოქსიორი“ ოთხი წლისამ  დავხატე. მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ, ჯერ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე…“ – მხატვარი გუგა თევდორაძე.

– მამათქვენი მხატვარია, რამდენად გიწყობდათ ხელს განვითარებაში…
– ვერ გეტყვით, რომ მამამ რამე მასწავლა. ჩვენ ერთად არასდროს ვმუშაობთ. ჯერ ის მიდის სახელოსნოში და შემდეგ – მე. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ მითხრა, თუ ამ გზას აირჩევ, არ გეგონოს, რომ გამდიდრები ან ფინანსურად რამეს შეიძენ. მხატვრის ცხოვრება ასეთია, შეიძლება მთელი ცხოვრება ერთი ნახატიც ვერ გაყიდოს, მაგრამ პატარაობიდან ვიცოდი, რომ ფერმწერი უნდა ვყოფილიყავი და ამ საქმისთვის არ უნდა მეღალატა. საერთოდ, ადამიანმა ცხოვრებაში, რაც არ უნდა აირჩიოს, იმ საქმის სიყვარული უნდა ჰქონდეს და არასდროს უღალატოს. მე კი ეს სიყვარული ბავშვობიდან მქონდა.
– ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა და სამხატვრო აკადემია…11815738_903607666354953_1199599521_n
– ნიკოლაძის სამხატვრო სკოლამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მომცა. უპირველეს ყოვლისა, სიყვარული. ბევრი რამ დამოკიდებულია პედაგოგზეც. მე, საბედნიეროდ, შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი თემურ ჩხუტიშვილი, რომელმაც ჩემში მუშაობის სიყვარული დანერგა, რომ დრო არ დამეკარგა. რაც შეეხება  სამხატვრო აკადემიას, იქ სწავლის დიდი სურვილი არ მქონდა, უბრალოდ მამაჩემის თხოვნით ჩავაბარე. შემიძლია გითხრათ, რომ არც არაფერი არ მომცა და დროის კარგვა იყო. არანაირი სიახლე იქ არ დამხვდა. მე ის აკადემია არ დამხვდა, რომელზეც მამაჩემი და მისი მეგობრები ლაპარაკობდნენ. მოგეხსენებათ, მხატვარი სულ ძიებაშია, მით უმეტეს, სტუდენტს უნდა ჰქონდეს  განვითარების შესაძლებლობა.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ...
– მუშაობის პროცესი ინტიმურია და სხვა სამყაროში გადავდივარ. ამიტომ მიყვარს სიმშვიდე. ხმაურში გონება სხვაგან მიდის. ძირითადად, ღამე ვმუშაობ. მუსიკა მაქვს ჩართული, რომელიც ხან საერთოდ არ მესმის. სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, მაგრამ ვგრძნობ, რომ აქ არ ვარ, არამიწიერებას ვგრძნობ. მე თუ ყოფით პრობლემებზე ვიფიქრე, ვერ დავხატავ. ტილოსთან ყოველთვის დადებითი ენერგიით დამუხტული უნდა მივიდე. მერე ახალი ნამუშევრებიც იბადება.
– თქვენი შემოქმედების მუზა, ინსპირაციის წყარო…
– მუზები მყავს, მაგრამ კონკრეტული სახელი ან ვინმე ადამიანის არ ჰქვია. ჩემთვის მუზა არის კარგი განწყობა, სულიერი სისუფთავე, ნამუშევარი იყოს ისეთი, როგორიც მე მინდა. მე მინდა, ოჯახში, სადაც ჩემი ნამუშევარი დაიკიდება, კარგი აურა შევიდეს. მადლობა ღმერთს, მხოლოდ დადებით შეფასებას ვისმენ.
საერთოდ, არ ვიცი, როგორ იბადება ნამუშევრები. ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი და მერე შრომაა. ამიტომ, არ მაქვს უფლება გავჩერდე და დავკარგო ის ღირებული, რაც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა. თუმცა, არის პერიოდები, როცა ვისვენებ, რაც აუცილებელია. ხან მივსულვარ ტილოსთან, ვიცი, რა უნდა დავხატო და აბსოლუტურად სხვა რამ დამიხატავს. შეიძლება სახლში ეკიდოს, რაღაც არ მომეწონოს, წავშალო და სხვა დავხატო, ან ახალი რამ შევმატო. ეს ჩვეულებრივი პროცესია მხატვრის ცხოვრებაში, რადგან დასრულებული ამ ცხოვრებაში არაფერი არ არსებობს, მაგრამ გაჩერებაც უნდა შეგეძლოს, რომ ნამუშევარი სულ არ გააფუჭო.11823976_903607663021620_1654197592_n
– ფერები…
– ფერწერა, ალბათ, სწორედ იმიტომ არის ღირებული, რომ შეიძლება მხოლოდ ფერებისგან მიიღოს ადამიანმა სიამოვნება. ყველა ფერს აქვს დიდი დატვირთვა, არის ფერები, რომლებიც შთანთქავს, არის ფერები, რომელიც ენერგიას გამოყოფს .
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვთ, თქვენს შემოქმედებაში?
– ყველა ნამუშევარი შვილივით მიყვარს. ნამუშევარს არ ვიმეორებ და ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მათი ხიბლიც სწორედ ამაშია, რომ არ განმეორდება და სულ ახალი კომპოზიციაა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს საყვარელი ნამუშევრები. მაგალითად: „ანგელოზი“  ჩემს სავიზიტო ბარათად ითვლება. ძველი ნამუშევარია, რომლის გაყიდვასაც საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ავსტრიიდან ისეთი თანხა შემომთავაზეს, შეველიე. არის კიდევ: „ხსნა“, „ღამე ანგელოზისა“, „მწყემსი კეთილი“, „სიზმარი“, „ვარდისფერი გზა“, რომელიც გალაკტიონის ლექსზე დავხატე და წარწერა გავუკეთე – „სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა…“ უბრალოდ ჩემი ცხოვრება დავხატე. ადამიანის, რომელმაც ეს გზა უნდა გაიაროს.
– ერეკლე მეორის ქუჩა – გალერეა „თევდორე“…
– გალერეა „თევდორე“ 12 წლის წინ შევქმენით მე და მამაჩემმა. მაშინ, ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული მხატვრის პირველი გალერეა იყო  და დღემდე ერთადერთი გალერეაა, სადაც მამა-შვილის დაზგური ფერწერა სრული სახით არის წარმოდგენილი. ჩვენი გალერეის შესახებ ყველა ქვეყნის ხალხმა იცის. სრულიად შემთხვევით ვაწყდები სტატიებს გალერეაზე, ჩემს შემოქმდებაზე და მიხარია, რომ ვიღაც, სადღაც აფასებს ამ ყველაფერს. იყო შემთხვევები, რადმენიმე ქვეყნიდან სპეციალურად ჩვენთან გალერეაში ჩამოვიდნენ ჟურნალისტები. გალერეა ყოველდღე ღიაა, სადაც ჩემი და მამაჩემის ნამუშევრების მუდმივმოქმედი გამოფენაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა. პირველი პერსონალური გამოფენა, 10 წლის წინ, სწორედ ჩემს გალერეაში მქონდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ჯერ კიდევ, გამოფენის გახსნამდე წინა დღეს, ოთხი ნამუშევარი გაიყიდა. მას შემდეგ, მქონდა კიდევ სამი პერსონალური და არაერთი ჯგუფური გამოფენა. საერთოდ, ჩემი ნამუშევრები ყველა ქვეყანაშია, კერძო კოლექციებში. 300-მდე ნამუშევარია სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდული.11846044_903607669688286_802814740_n
– მხატვრის თვალით დანახული ჩვენი სინამდვილე…
– იცით, შარშან ნიუ-იორკში მქონდა გამოფენა, სტუდენტობის პერიოდში გერმანიიდან იყო შემოთავაზება და კიდევ უამრავი მოწვევა მომდის, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლიდან დამოუკიდებელი ვარ და ჩემი შემოქმედებით ვცხოვრობ, მაინც ვერ მივდივარ ქვეყნიდან. ვერსად ვერ ვჩერდები, ნოსტალგია მაწვება. მართალია, მაღიზიანებს ცუდი დამოკიდებულება, არაპროფესიონალიზმი, მაგრამ, ზოგადად, ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე რომ ვფიქრობ, რთულია მოსთხოვო ადამიანს, ხელოვნებაზე იფიქროს და ნამუშევრები შეიძინოს. ეს დიდი ფუფუნებაა. თუმცა ყველა ადამიანმა თვითონ უნდა შექმნას საკუთარ თავში მზე, სითბო, სიყვარული და მხოლოდ მაშინ გვეშველება. ბევრად წინ წავალთ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოშიც იყიდება ჩემი შემოქმედება, შემიძლია ვითხოვო და დიდი გამოფენა გავაკეთო.
ჩემი შემოქმედება არ გამოხატავს პროტესტს, მხოლოდ სიყვარულზეა დაფუძნებელი. ეს ჩემი სულიერი სამყაროა და ამ სამყაროში ვტრიალებ. ყველა ფიქრი არის ისეთი, როგორიც ტილოზე გადმომაქვს, სხვანაირად არ შემიძლია. მე მინდა ხალხს ერთმანეთი უყვარდეს. ჩემთვის ხატვა არის სულიერი სამყარო, რითიც ვსაზრდოობ. არ აქვს მნიშვნელობა, რა თანხად გაიყიდება ნამუშევარი. თანხა არ განსაზღვრავს ნამუშევრის ხარისხს და იმას, არის თუ არა ხელოვნების ნიმუში. მიუხედავად, იმისა რომ მე ჩემი შემოქმედებით ვცხოვრობ, მუშაობის პროცესში რეალიზებაზე არ ვფიქრობ. ამაზე რომ ვიფიქრო, ვერ ვიქნები ჭეშმარიტი მხატვარი. ნამუშევარს აუცილებად შეეტყობა, რა გრძნობაა მასში ჩადებული, რასაც თვალს ვერ მოატყუებ.

მზევინარ ხუციშვილი

11855351_903607676354952_616347415_n

11855378_903607659688287_1353659377_n

11857523_903607673021619_2042523908_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები