„თეატრი თამამი ადამიანების ადგილია, სადაც ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ იმ პრობლემებზე, რაც გვაწუხებს…“
„მსახიობების ოჯახში დავიბადე. მთელი ბავშვობა სულ მესმოდა რეპეტიცია, წინასაპრემიერო ჩვენება, პრემიერა, გასტროლი, ფაქტობრივად, თეატრში გავიზარდე და არჩევანი არც მქონდა. თუმცა, სკოლა რომ დავამთავრე და ოჯახში ვთქვი, თეატრის რეჟისორი უნდა გავხდე-მეთქი, სახლში არავინ არ მელაპარაკებოდა. 9 წლის ვიყავი, მედიკო კუჭუხიძეს სპექტაკლში „პორტოპოლოს ტუსაღები“ ვითამაშე, შემდეგ სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლში – „სათაგური“. ყოველთვის ვიცოდი, რომ თეატრში უნდა მემუშავა. ფაქტობრივად, თეატრი ჩემი სახლია…“ – რეჟისორი იოსებ ბაკურაძე.
– თეატრალური ინსტიტუტი, რობერტ სტურუას ჯგუფი…
– მე რომ ვაბარებდი, იმ წელს რობერტ სტურუას აჰყავდა ჯგუფი. პირველი კითხვა, რაც მისგან მოვისმინე, იყო – ჯგუფში რომ აგიყვანო, რას ელოდები? იცით, მართალია, მე თეატრში უკვე ვმუშაობდი, მაგრამ თეორიული ნაწილის ცოდნაც აუცილებელია. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს გამოცდილება აქვთ, მაგრამ თეორიული განათლება – არა და ძალიან ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ რობერტ სტურუამ მომცა საშუალება, რუსთაველის თეატრში ხუთი სპექტაკლი დამედგა, ვფიქრობ, რომ გამიმართლდა კიდეც ცხოვრებაში, რადგან ისეთი პედაგოგები მყავდა, როგორიც არიან: ვასო კიკნაძე, თამარ ბოკუჩავა, რობერტ სტურუა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე და მივხვდი, რომ რეჟისურა მხოლოდ სკამზე ჯდომა და დირექტივების გაცემა არ არის. რობერტ სტურუა გვიყვებოდა: პრემიერის შემდეგ მოდიან ადამიანები და მეუბნებიან, რა მაგარი სპექტაკლია, რა მაგარი რეჟისურაა. მე კი ვეკითხებოდი, სად დაინახეთ რეჟისურა და, რა თქმა უნდა, ვერ მიხსნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გენიალურ რეჟისორსა და პედაგოგს მიხეილ თუმანიშვილს თავის წიგნში ორი სიტყვით უწერია, რა არის რეჟისურა, მე ჩემეული ფორმულა გამოვიყვანე, რაც ჩემივე საიდუმლოა. თეატრალურმა, როგორც რეჟისორს პატარ-პატარა გზები მაპოვნინა. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემი სტუდენტური წლები.
– პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი…
– პირველი სპექტაკლი რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე „სადილი ექვსისთვის“ დავდგი. ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ სპექტაკლს ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ პირველი სიყვარულივით არის. მართალია, ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ სპექტაკლი ძალიან სუსტია, ეს იყო ფრანგული კომედია, რომელმაც მაშინ თავის სათქმელი თქვა და მაყურებელს მოსწონდა. ეს სპექტაკლი ჩემს თანამოაზრე სტუდენტებთან ერთად გავაკეთე. მათაც უნდოდათ მუშაობა, რადგან ხშირად ხდება ხოლმე, რომ თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, არ იციან, სად წავიდნენ.
– თანამშრომლობ სხვადასხვა თეატრთან…
– რა თქმა უნდა, რეჟისორმა მსახიობი უღრან ტყეში უნდა გაიყვანოს, როგორც ლიდერი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, თეატრში დამხვდეს რამდენიმე მსახიობი, რომელსაც ძალიან უყვარს თეატრი, რომლისთვისაც, დილით რომ იღვიძებს, ამოცანაა, თვითრეალიზება თეატრში მოახდინოს. თუ თეატრი მსახიობისთვის ჩვეულებრივი რიგითი სამსახურია, მაშინ რთულია მასთან მუშაობა, რადგან ჩემთვის თეატრი რიგითი სამსახური არ არის, მე ამით ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ თეატრი ტაძარია, ხელოვნება უნდა შეჭამოს ადამიანმა, რომ მოშივდება, უნდა კვდებოდეს და მაინც მაღალ ხელოვნებაზე ილაპარაკოს, მაგრამ თუ მსახიობი მთელ გულს არ დებს, რთულია მასთან მუშაობა. ზემოთ ვთქვი, რომ ჩემეული ფორმულა გამოვიყვანე- მეთქი და სწორედ მას მივმართავ, როცა დასს არ ვიცნობ. შეიძლება მსახიობი რომელიმე სპექტაკლში მოგეწონოს, ან ვიზუალურად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ჩანაფიქრს მოერგება. ამიტომ ჩემი მიდგომა ასეთია, სანამ რეპეტიციებს დავიწყებ, უნდა გავიგო, რისი შესაძლებლობა აქვს მსახიობს. მერე უფრო ადვილია სპექტაკლის აწყობა.
– თანამედროვე დრამატურგია…
– ვერ გეტყვით, რომ რომელიმე დრამატურგი განსაკუთრებით მომწონს და მიყვარს, რაღაც მომენტი უნდა იყოს, რომ ავენთო. მაგალითად, „გაუმარჯოს ბუშონს“, „როგორც იქნა“, „მატარებელი მოდის“, სპექტაკლები, რომლებიც შემიძლია ვთქვა, რომ გამორჩეულად მიყვარს, პიესები რომ წავიკითხე, ვერ ვისვენებდი, ერთი სული მქონდა, როდის დავდგამდი. მივხვდი, რომ ჩემი პიესები იყო და უნდა დამედგა. მქონდა სათქმელი, დავინახე ფორმა, დეკორაცია. ხშირად ხდება, როცა პიესას ვკითხულობ, თან ჩანახატს ვაკეთებ.
სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ბევრი არ ითარგმნება, ძირითადად, რუსულ თარგმანს ვკითხულობ და ვცდილობ, ყველაფერი წავიკითხო, რაც გამოდის. ამ რაოდენობაში ისეთი პიესა ამოვარდება ხოლმე, რომელიც აუცილებლად უნდა დავდგა. „გაუმარჯოს ბუშონს“, მანანა ანთაძემ ათარგმნინა და ორი წელი იდო თაროზე. ეს პიესა სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში, წავიკითხე და რომ დავდგი, არაერთმა რეჟისორმა მითხრა, წაკითხული მქონდაო. სულ მიკვირდა, რატომ არ დადგეს თანამედროვე პიესა, რომელიც ზუსტად პასუხობდა იმ დროს, როცა ეს სპექტაკლი დაიდგა და გარკვეული წარმატებაც მომიტანა. ახლაც, ორი პიესა მაქვს, რომელიც ძალიან მინდა დავდგა.
ქართული დრამატურგიის მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სულ რამდენიმე დრამატურგია, რომელიც პიესას რაღაც პროექტისთვის ან კონკურსისთვის არ წერს. პიესა რომ ამისთვის იწერება, ის განწირულია კრახისთვის, თუნდაც სცენაზე დაიდგას. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ თეატრი და წერენ, მაგრამ მათ შორისაც ლაშა ბუღაძეს თუ გამოვარჩევ. ყველაზე აქტიურია და, შესაბამისად, მისი შემოქმედება ყველაზე ხშირად იდგმება. გარდა ამისა, რთულია, როცა დრამატურგი თეატრთან არ თანამშრომლობს. აუცილებელია თეატრის სტრუქტურა იცოდეს. ხანდახან ისეთ პიესას გადავაწყდები, მიკვირს, როგორ შეიძლება ეს ქართველს არ დაეწერა, ეს ხომ ჩვენზეა დაწერილი.
– თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემა…
– ჩემი გადმოსახედიდან და პრაქტიკიდან, მთავარ პრობლემად ვთვლი, რომ მოთხოვნა არ არსებობს თეატრებში, მსახიობები ფორმაში იყვნენ. ეს, ალბათ, რაღაც სენია. ჩემი პედაგოგიც ხშირად მეუბნებოდა, ვიღებ მსახიობებს თეატრში, რამდენიმე სპექტაკლს ითამაშებენ და დუნდებიან. სამწუხაროდ, თუ მსახიობი კონკრეტულ სპექტაკლზე არ მუშაობს, შეუძლია დღე ისე გაიყვანოს, თეატრში არც მივიდეს. მე არ ვამბობ, რომ თეატრში უნდა იცხოვრონ, მაგრამ აუცილებელია მსახიობი ყოველდღე სამი საათით მაინც მივიდეს თეატრში, თუნდაც იმიტომ, რომ დასის წევრებს შეხვდეს. ეს მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთი უკეთესად გაიცნონ და ხვალ ერთ სპექტაკლში რომ მოუწიოთ თამაში, ეცოდინებათ, როგორი პარტნიორები არიან. ჩვენს სინამდვილეში კი, მსახიობები წლებია ერთ თეატრში არიან და კონკრეტულ სპექტაკლზე იცნობენ ერთმანეთს.
– მაყურებელი…
– პიტერ ბრუკს უწერია თავის „ცარიელ სივრცეში“ – „ადამიანების უმრავლესობას, თეატრი კი არა, საერთოდ ხელოვნება რომ არ არსებობდეს, არაფერი არ შეაწუხებდა. მაგრამ ყოველთვის არის კატეგორია საზოგადოებაში, რომელიც თეატრში დადის. უყვარს ფერწერა, მუსიკა…“ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს სოციალური ფონი ყველას და ყველაფერს ეტყობა, მათ შორის თეატრსაც. რთულია თეატრებისთვის ნახევრად ცარიელ დარბაზში თამაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხარისხია. არის სპექტაკლები, რაც არ უნდა დრო გავიდეს, იმ სპექტაკლებზე მაინც ანშლაგია. მოძრაობის თეატრსაც აქვს ასეთი სპექტაკლი „ინტრო“…
– პრემიერა…
– ხანდახან მიფიქრია, რატომ ვარ თეატრში, არის ეს, ის, რაც მინდა, მაგრამ პრემიერის დღე რომ დგება, ვხვდები რომ ეს რაღაც ჯადოსნური მომენტია. ეს არის ენით აღუწერელი გრძნობა, რომლის გამოც ნერვიულობ, მთელ ძალას გართმევს, მაგრამ მაინც გსიამოვნებს და რჩები თეატრში. თეატრს თავისებური ხიბლი აქვს, რომლის სათქმელის გადმოცემის ფორმა ძალიან მომწონს. შეიძლება სიმართლე ხშირ შემთხვევაში მტკივნეულია, მაგრამ თვალის დახუჭვა არ შეიძლება. გარდა ამისა, მიყვარს მსახიობები.
– მოძრაობის თეატრი…
– თეატრის დაარსების იდეა კახა ბაკურაძის იყო. მამა გერმანიიდან, ემიგრაციიდან რომ დაბრუნდა, გადაწყვიტა საკუთარი თეატრი ჰქონოდა. 2000 წელს მე, მამამ, ბაბუამ და მამიდამ დავაარსეთ მოძრაობის თეატრი. დაახლოებით 12-13 წელი მოხეტიალე თეატრი ვიყავით, მთელი საქართველო მოვიარეთ, რამდენჯერმე გასტროლებზეც ვიყავით ქუჩის თეატრის ფესტივალებზე, ქართული კულტურის დღეების მონაწილეებიც ვიყავით და სადღაც 13 წლის შემდეგ შევძელით, რომ საკუთარი შენობა გვქონოდა მუშტაიდის ბაღში. ავაშენეთ ანგარი, თვითმფრინავის გარაჟი, რომელიც ახლა მოძრაობის თეატრის სახლია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ჩვენს ქვეყანაში კერძო თეატრის შენახვა, რადგან არავინ არ გვეხმარება და ჩვენი შემოქმედებით ვარსებობთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოძრაობის თეატრში არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ თეატრი და კონკრეტულად მოძრაობის თეატრი, სწორედ ეს სიყვარული გვაცოცხლებს უკვე 15 წელია.
– თეატრალური ფესტივალები…
– მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალისთვის იმუშავა. ის წერტილია მთელი რეგიონული თეატრებისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, რომ კატასტროფულ მდგომარებაში არიან რეგიონის თეატრები. კარგია, რომ თუნდაც ქვეყნის შიგნით გასვლითი სპექტაკლები აქვთ. ამ ფესტივალზე მესხეთის დრამატულმა თეატრმა სწორედ ჩემი სპექტაკლით „მატარებელი მოდის“ მიიღო მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს სპექტაკლი სამ სცენაზე ვითამაშეთ და სპექტაკლს უხდება გარემოს გამოცვლა. სხვა სცენა, ადაპტაცია, სხვა გარემო გაძლევს საშუალებას, სხვანაირად შეხედო სპექტაკლს და შეიძლება ისეთი რაღაც დაიბადოს, რაც მერე დატოვო სპექტაკლში. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეს ფესტივალი ერთმანეთის უკეთესად გაცნობის და ურთიერთობების გაძლიერების საშუალებას გაძლევს.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს ეკა მაზმიშვილი. უამრავი იმპრესარიო ჩამოჰყავს, ხდება რეჟისორების, მსახიობების, სპექტაკლების მიწვევა. საერთოდ, უცხოური პროგრამა არის საშუალება ქართველი თეატრალებისთვის, გავიგოთ, რა ხდება პლანეტის მასშტაბით. ვმასპინძლობთ ერთმანეთისთვის უცნობ დასებს. მოძრაობის თეატრმა უკვე უმასპინძლა ბრიტანეთს, წელს მეორედ ვუმასპინძლებთ ნორვეგიას.
მზევინარ ხუციშვილი