„მინდა ხალხი დათბეს, უყვარდეთ ერთმანეთი და ხელოვნება…“

მხატვარი რამაზ (არცეველი) ყაზიშვილი სპორტსმენი იყო. შტანგაზე გიორგი ასანიძესთან დადიოდა. თავის ტრავმის შემდეგ, სპორტს თავი დაანება და, როგორც თავად ამბობს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხატვა დაიწყო.11119414_900982773284109_1996173791_n

პირველად წიგნიდან ვეფხვისა და მოყმის ბრძოლა გადახატა. „დედამ არ დაიჯერა და თავიდან დამახატინა. მერე სამხატვრო სკოლაშიც მიმიყვანა, რამაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. გემოვნებაც შემეცვალა. მიუხედავად ამისა, ერთი თვის შემდეგ, ხატვაზე სიარულის სურვილი აღარ მქონდა, მაგრამ დედას ძალით დავყავდი. სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ დღეს პროფესიონალ მხატვრად ჩამოვყალიბდი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. ახლა ერთი დღეც რომ არ დავხატო, ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია, რადგან მე ტილოში ბოლომდე ვიხარჯები, მთელს ჩემს გრძნობებს ვდებ და ტილოდან რომ გამოვდივარ, ალბათ, ერთი კვირის მშიერივით ვარ“.

გარკვეული პერიოდი ხატმწერად მუშაობდა, თუმცა სამხატვრო აკადემია არ დაამთავრა. „სურვილი არ მქონდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების. ვიცოდი, რომ აკადემია ხელოვან ადამიანს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. აკადემიის რაღაც კანონიკების, სტილის, მასწავლებლის გავლენის ქვეშ არ მინდოდა მოქცევა“.

რამაზ ყაზიშვილისთვის ხატვა პროტესტის გამოხატვის ერთგვარი საშუალებაა. „ლაპარაკი დიდად არ მიყვარს და ჩემი ნამუშევრებით გამოვხატავ ჩემს დადებით თუ უარყოფით ემოციებს. მართალია, ჩემს შემოქმედებაში 90 პროცენტი სევდა არის, მაგრამ მაინც მინდა და ვცდილობ, რომ საზოგადოებამდე პოზიტივი მივიდეს“.11791596_900982769950776_448060142_n

მის შემოქმედებაში ბევრი ხე და სივრცეა. არანაირი კედელი და დახურული სივრცე არ არსებობს. „ჩემს შემოქმედებაში, ძირითადად, ბუნებაა. პეიზაჟიც არ არის, სულ სხვა განზომილებაა. 19 წლამდე სიურეალიზმს ვხატავდი. ახლა, უფრო მძიმე ფერწერაზე ვმუშაობ. მე ფერწერულ სიურეალიზმს ვეძახი. ისეთ პეიზაჟს, როგორსაც მე ვხატავ, ვერსად შეხვდებით. ხან დამძიმებულია ემოციით, ხან პირიქით, მაგრამ რეალისტური ნამდვილად არ არის. ძირითადად, უფრო სიზმრისეულია. ღამე ბევრს ვფიქრობ, მოდის ემოცია და იხსნება ფერები. ტილოსთან მისულმა უკვე ვიცი, რა უნდა დავხატო. მაგრამ ძალიან ბევრ ნაფიქრს წყალში ვყრი, რადგან ტილოზე გადატანას ვერ ვასწრებ. სიუჟეტი მახსოვს, მაგრამ ის ფერები და ემოცია თუ ზუსტად არ გადმოვეცი, ნამდვილი ემოცია იკარგება და მხოლოდ კონტურებით არაფერი გამოდის. ნახატი კი, ერთ ან ორ დღეში უნდა დავასრულო, თუ მუშაობის პროცესი გაიწელა, ვეღარ ვკიდებ ხელს, ემოციაც იკარგება და საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ იქნება“.

როგორც მხატვარი ამბობს, მის ტილოებზე მოჩხუბარი ფერებიც მეგობრები არიან. „მაგალითად, იასამნისფერი და წითელი, ან წითელი და ლურჯი ერთად ვერ თავსდება,  რაღაც ტალახიანი ფერი გამოდის, მაგრამ მე ისე ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ვამეგობრებ მათ. ფერები ტილოზე ერთმანეთში გადადიან. ძირითადად, მასტერხინით ვმუშაობ, ფუნჯს მხოლოდ კონტურებზე ვიყენებ“.11798242_900982766617443_162738530_n

საკუთარ შემოქმედებაში აქვს რამდენიმე გამორჩეული ნამუშევარიც, თუმცა ისინი უკვე გაყიდულია. „რამდენიმე ნამუშევარი გამორჩეულად მიყვარს, რადგან მათში ჩემი ისტორია დევს. მაგრამ ისინი გაყიდულია და გული მწყდება, რომ ჩემს სახლის კედელზე აღარ ჰკიდია. ერთ-ერთი მათგანია „დროსთან ჭიდილი“, სადაც ერთ ტილოზე ორი საათია. მაშინ 25 წლის ვიყავი და საათი 25 წუთზეა გაჩერებული. ერთი ადამიანი ეჭიდავება, არ უნდა, დრო წავიდეს. ამ ნახატში წერილიც მაქვს ჩაყოლებული. მე ახლა, ამ ნახატის მხოლოდ ფოტო შემომრჩა, რადგან ამერიკაში გაიყიდა. ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ეს ნახატი აღარ დაბრუნდება, ვეღარც დავხატავ თავიდან“.

მისი ნამუშევრები გაყიდულია ყაზახისტანში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ამერიკის ორ შტატში, რუსეთში, ყიდულობენ ქართველი ემიგრანტებიც. „საქართველოშიც ვყიდი ნახატებს, მაგრამ ძალიან დაბალ ფასად. მიყვარს ქართველი ხალხი. საქართველოში ხელოვანმა რომ საკუთარი შემოქმედებით იცხოვროს, ან ძალიან ბევრი ფული უნდა ჰქონდეს, რომ თვითონაც ისიამოვნოს და სხვასაც ასიამოვნოს, ან მუდმივად შეკვეთებზე იმუშაოს. სახელი, დიდება წლებს და გამოცდილებას მოაქვს. როცა ხელოვანი შეკვეთით მუშაობს, თავის სახეს კარგავს. ამიტომ მე მხოლოდ იმას ვახატავ, რაც მინდა, მაწუხებს, ან მიხარია, ხალხიც ხედავს და ბედნიერები არიან. ახლა სახლში მხოლოდ სამი ნახატი მაქვს. ორ წელიწადში 77 ნამუშევარი გაიყიდა. მათგან, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციებს მივეცი, რომლებიც ყიდიან და თანხას გაჭირვებულ ადამიანებს ურიცხავენ“.11815875_900982779950775_1705274979_n

მუშაობისთვის აუცილებელი, საჭირო გარემო, სიწყნარე და სიმშვიდე უკვე აქვს. ორი წლის წინ სარდაფში სახელოსნო გააკეთა. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში და კონკურსში. 2008 წელს ორი თვის განმავლობაში, ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ერთი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის, მეორე კი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეებში. „გამოფენას ჩემთვის დიდი არაფერი მოაქვს. გამოფენა უბრალოდ ხალხის აზრის გაგებაა. რა თქმა უნდა, მაინტერესებს საზოგადოების აზრი, მაგრამ უკვე ვიცი, რომ კარგი ნამუშევრები მაქვს. არ მიყვარს ჯგუფური გამოფენები, რადგან სტილთა აღრევა ხდება და სხვადასხვა სტილში შესრულებული ნამუშევრები ერთმანეთს ეშხს უკარგავენ. რაც შეეხება კონკურსებს, მათ სიხარული მომიტანეს, რომელიც მხოლოდ ორი დღე გრძელდება. ახლა მხოლოდ, ქაღალდის სახით დიპლომი მიდევს სახლში. თუმცა კონკურსი მაინც გარკვეული ბიძგი, აზარტია, ხალხს რომ უხარია, მეც სტიმული მემატება. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან გაცივდა მსოფლიო და საქართველო განსაკუთრებით, ამიტომ მინდა, რომ ხალხი  უფრო თბილი იყოს, უყვარდეთ ერთმანეთი და ხელოვნება, რაც სულის განუყოფელი ნაწილია, ხატვა კი ემოციის წყაროა“.

მზევინარ ხუციშვილი

11823954_900982763284110_866690119_n

11830649_900982776617442_1784297747_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები