„მე ერთი უბრალო სოხუმელი ბიჭი ვარ, რომელსაც თეატრი უყვარს…“

„აფხაზეთის ომის შემდეგ, ქალაქ ფოთში მოვხვდი, გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. ფაქტობრივად, ფოთის თეატრში გავიზარდე, ამიტომ ამ თეატრის თითოეული მსახიობი ჩემი ოჯახის წევრია. მათთან ერთად და მათ ხელში გავიზარდე, რამაც ჩემი მომავალი განსაზღვრა. თუმცა, ბავშვობაში ვმღეროდი. შალვა ლიპარტელიანი ფოთის თეატრის მსახიობი იყო. ყველა, ვინც ფოთის თეატრის მსახიობია, მისი გაზრდილია. 13 წლის მეც მასთან მოვხვდი. ამ გარემოდან გამომდინარე, ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი. ზუსტად არ მახსოვს პირველად, რომელი სპექტაკლი ვნახე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ახლაც რომ ვფიქრობ, თურმე იმ წლებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა…“ – მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობი ლექსო ჩემია.

– პირველი როლი…11180330_900443673338019_4386106713216280224_n
– პირველი როლი, თუ არ ვცდები მიუზიკლი „ნაცარქექია“ ვითამაშე, მაგრამ პირველი სერიოზული „მკაცრ ქალიშვილებში“ ნაპოლეონ ჭინჭილეიშვილის როლი იყო. შემიძლია თავისუფლად განვაცხადო, რომ თეატრის სცენაზე ეს დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. უკვე იმდენი როლი ვითამაშე, რომ, ასაკიდან გამომდინარე, მეუხერხულება კიდეც ამის თქმა. თბილისში, სტუდენტობის პერიოდშიც კი, პატარ-პატარა თეატრებთან და დასებთან ვთანამშრომლობდი, რაც ერთგვარი პრაქტიკაა მსახიობისთვის, სცენასთან მაყურებელთან შეჩვევის მომენტია.
– რა მოიტანეს როლებმა?
– გამოცდილება, თუნდაც ის, როგორ შექმნა როლი, როგორ გადახვიდე ეტაპიდან ეტაპზე. აკეთებ შედარებას. საერთოდ, რაც არ უნდა ბევრი როლი შეასრულო, მხოლოდ ერთეულებს გამოსდით, 30-დან კარგად ნათამაშები 28 როლი. თუმცა მსახიობს ინდივიდუალური ნიშა, ხაზი ნაპერწკალივით მაინც დაჰყვება ლაიტმოტივად. წარმოიდგინეთ, მხოლოდ მესხეთის დრამატულ თეატრში სამი სეზონის განმავლობაში 18 როლი ვითამაშე. ზოგჯერ მეც მეცინება, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, ასე გამოვიდა. ვფიქრობ, ამას თავისი დადებითი მხარე აქვს, რადგან ამ როლებთან ერთად, იზრდები, უფრო კარგად აანალიზებ, რომელი კარგი გამოვიდა, რომელი ცუდი, ზოგი ხომ უბრალოდ კარგ მოგონებად რჩება.
– შეგიძლია რომელიმე როლი გამოარჩიო?11224008_900443720004681_4768669555822518919_n
– ჩემი ყველა გმირი მიყვარს, მაგრამ გამორჩეული იყო მაინც, ალბათ „წვიმის გამყიდველში“ სტარბაკის როლი. მაშინ პირველად მომიწია გროტესკული ტიპაჟის თამაში. საინტერესო იყო რეპეტიციების პერიოდი და თვითონ პერსონაჟიც უცნაური ტიპია. ასევე, ძალიან მიყვარს აბესალო სალამთაძე. ეს როლი ცოტა ჩემეულად გავაკეთე, რომელშიც ნიჭიერი მხატვარი ნანა ყორანაშვილი დამეხმარა. კოსტიუმიც ისეთი შევქმენით, რომ რაღაცნაირად მოერგო იმ უბრალო, ხისტ ბიჭს, რომელსაც ცხოვრება უყვარს. რომელსაც საერთოდ არ სჭირდება დიდი მხრები და კუნთები იმისათვის, რომ ქალი მოიპოვოს ან ვიღაცას „წაართვას“. საინტერესო იყო აგრეთვე, მესხეთის დრამატულ თეატრში, ნიკოლოზ საბაშვილის „კლოუნადაზე“ მუშაობა. თვითონ ეს ჟანრი შესაძლებლობას აძლევს მსახიობს, უსიტყვოდ გადმოსცეს ემოცია, სიხარული, ტკივილი. ვთვლი, რომ ამ სპექტაკლზე მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
– მესხეთის დრამატული თეატრი…11781682_900443690004684_2715270557899422639_n
– მესხეთის დრამატულ თეატრში შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ უკვე დადგმული სპექტაკლისთვის მსახიობი სჭირდებოდათ. ლია სულუაშვილმა დადგა „ჯაყოს ხიზნები“, სადაც მსახიობი უნდა შემეცვალა ჯავახიშვილის როლზე. ამის შემდეგ, მე და ლია სულუაშვილი შევთანხმდით, რამდენიმე როლი კიდევ გვეცადა და უკვე მესამე სეზონია იქ ვარ. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახია. ცოლ-შვილთან ერთად მსახიობებისთვის განკუთვნილ ოთახში ვცხოვრობ და ხშირად ვხუმრობ, 530-კაციანი სასტუმრო ოთახი მაქვს-მეთქი.
– თანამშრომლობ სხვადასხვა თეატრთან. შენთვის სად იყო ყველაზე საინტერესო მუშაობის პროცესი?
– კიევის 8 ნომერში არის ნიკოლოზ საბაშვილის პატარა, ლამაზი სახელოსნო, სადაც ჩვენ ვიკრიბებოდით, რომელიც მართლა ჩვენი სახლი იყო და ჩემთვის იქ გატარებული ყოველი წუთი ძალიან ძვირფასია. მაშინ სტუდენტები ვიყავით, ჯერ ვიწყებდით ყველაფერს, ვწვალობდით, მაგრამ გვიხაროდა ერთმანეთთან და თეატრში ყოფნა. მიყვარს ის წლები, რადგან მათ ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად ბევრი საინტერესო მომენტი მაჩუქეს. კარგად გვესმის ერთმანეთის და შვიდი სპექტაკლი მაინც გვაქვს გაკეთებული.11800428_900443713338015_9141410354068015400_n
საერთოდ, ცოტა ბანალურად ვიტყვი, მაგრამ, როდესაც მსახიობი თეატრში მიდის, მას, პირველ ყოვლისა, ისეთი დასი უნდა დახვდეს, რომელსაც უყვარს თეატრი და ცხოვრობს თეატრით. დასში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მსახიობებს. თეატრის ყველა თანამშრომელი დასის წევრია. საბედნიეროდ, სადაც მე ვიმუშავე, ყველგან ისეთი ადამიანები დამხვდნენ, რომლებსაც უყვართ თეატრი. მათ შორის, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მინდა მათაც მოვეფერო ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ შორს არის თბილისი, ახალციხე და ზუგდიდი ერთმანეთისგან. მაგრამ, მე ხომ არც თბილისელი ვარ, აღარც ფოთელი. მე ერთი უბრალო სოხუმელი ბიჭი ვარ, რომელსაც თეატრი უყვარს და ყველგან ვითამაშებ, სადაც თეატრი იქნება.
– რეჟისორები…
– არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, რადგან ძალიან ბევრ რეჟისორთან ვიმუშავე და ყველასთან საინტერესო იყო მუშაობა. უნდა ვთქვა, რომ თითოეულმა მათგანმა გამზარდა. საერთოდ, პერიფერიების თეატრებმა ძალიან ბევრი მომცა. თბილისიდან რომ არ გავსულიყავი, რა თქმა უნდა, რომელიმე თეატრის მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ ვერ შევხვდებოდი ასეთ კარგ რეჟისორებს, რაც მსახიობისთვის აუცილებელია.
– პარტნიორი სცენაზე…
– მე გეტყვით, როგორი არ უნდა იყოს პარტნიორი სცენაზე. არ უნდა იყოს ეგოისტი. არის სპექტაკლები, სადაც ერთ კონკრეტულ გმირზეა აწყობილი მთლიანი სპექტაკლი, მაგრამ ეს მაინც არის გუნდური სამუშაო და იქ მხოლოდ მე არ გამოდის. პარტნიორი აუცილებლად უნდა ზრუნავდეს პარტნიორზე, რეპლიკაზე, მოქმედაბზე, ათასი თვალი და ყური უნდა ჰქონდეს, მეექვსე გრძნობა უნდა ჰქონდეს გამომუშავებული და გრძნობდეს პარტნიორს, რომ მთლიანი საქმე არ გაფუჭდეს და მთლიანი ორგანიზმი არ დაინგრეს.11825634_900443683338018_17058407531090084_n
– რამდენიმე დღის წინ დასრულდა ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მაყურებლის წინაშე სოსო ბაკურაძის სპექტაკლით „მატარებელი მოდის“ წარსდეგით…
– ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა სოსო ბაკურაძე, ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორი. მისგან უნდა ისწავლო, როგორ და რისთვის უნდა გიყვარდეს თეატრი. მადლობა მას ამისთვის. იშვიათია ასე ფანატიკურად გიყვარდეს თეატრი.
რაც შეეხება ფესტივალს, ფოთის თეატრის ახალი შენობის სცენაზე პირველად გამოვედი, რაც ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობა იყო. არ უნდა შეარცხვინო ის ქალაქი, ის ადამიანები, ვისგანაც სურვილი დაგებადა, არტისტი გამხდარიყავი, ჩაგებარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში. ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, რადგან მაყურებელიც დადებითი ემოციებით წავიდა. საერთოდ, ასეთ ფესტივალებს ბევრი რამ მოაქვს მსახიობისთვის. დასები, მსახიობები ეცნობიან ერთმანეთს, რეჟისორები მსახიობებს იცნობენ. სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთმანეთის სპექტაკლებზე ინტენსიურად ვიაროთ. ფესტივალი კი ერთ-ერთი საშუალებაა, ერთმანეთის ნამუშევრები გავიცნოთ. რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი ღონისძიებები უკეთესი იქნება, თეატრებისთვის, მსახიობებისთვის, მაყურებლისთვის.11831653_900443696671350_9125856060339304571_n
– სოხუმი…
– 5 წლის ვიყავი სოხუმიდან რომ წამოვედი. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად მახსოვს. სულით ავადმყოფი, „გიჟი“ მარადონა რომ დადიოდა „ბერეგზე“, ისიც კი მახსოვს. როგორ ეკიდა ქვები, გაწეწილი თმით, შავი დიდი წვერით, ნახევრად შიშველი არანორმალური მარადონა. კარგად მახსოვს ჩემი უბანი, „ბერეგი“, წამოსვლის პერიოდი ხომ არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, ემოცია, „ბერეგის“ სუნი („ბერეგს“ ვიტყვი, რადგან ის ჩემთვის სანაპირო არ იყო). არ ვიცი, როდის, მაგრამ მე მჯერა, რომ დავბრუნდებით და აუცილებლად ვითამაშებ სოხუმის თეატრის სცენაზე…

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები