თინა ხიდაშელს “სუპერ პუმას” ვერტმფრენების “ქართუს” კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, “სუპერ პუმას” ვერტმფრენების “ქართუს” კუთვნილი კომპანიის “ეარსერვისისთვის” გადაცემის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.
“ვიცი, რომ ორი თვითმფრინავი იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დღეს კი არის შს სამინისტროს ბალანსზე. რაც შეეხება ვერტმფრენს, ის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება ოპონენტების მიერ გამოთქმულ კრიტიკას, რომ ფრანგული ვერტმფრენები მთავრობამ 13 ივნისის სტიქიის ღამეს სამაშველო მიზნით არ გამოიყენა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ვერტფმრენები შესაბამისი მიზნით აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო.
“მთავარი კითხვა ამ საკითხში სხვა რამეშია – როდესაც ქვეყანას არ ჰყავდა არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი, რატომ დახარჯა წინა ხელისუფლებამ ამდენი ფული ამ ვერტმფრენებზე – ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონსა და სააკაშვილის კომფორტზე”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინა ხიდაშელი მედიას ურჩევს, თავად დაათვალიეროს ფრანგული ვერტმფრენები და მის შესაძლებობებზე შეკითხვები დაასრულოს.
“ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსენით ან წადით და ნახეთ. გარწმუნებთ, ამის პრობლემას არავინ შეგიქმნით. წადით, ნახეთ, გადაიღეთ და დაამთავრეთ, რადგან რამდენჯერაც “ნაციონალური მოძრაობიდან” ვინმე რამეს იტყვის, იმდენი უნდა დავდგეთ და კომენტარები ვაკეთოთ, რომ აქლემები არ ვართ? სისულელე და აბსოლუტური იდიოტიზმია ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება, ეს არის ლუქსის კატეგორიის ვერტმფრენები, რომელთაც ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება – ამ არანორმალური ფსიქიკის ადამიანს მიეღო მუდმივი სიამოვნება, მათ შორის – ჰაერში. ასე რომ, 13 ივნისის ღამეს ჩვენ შეგვეძლო ამ ვერტმფრენების ფრენა, მაგრამ მხოლოდ ვიფრენდით და სხვას ვერაფერს გავაკეთებდით”, – აღნიშნა ხიდაშელმა.