პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში საზედამხედველო სამსახურის დარჩენის კანონპროექტის შენიშვნებზე მუშაობა დაასრულა

ეროვნული ბანკის შემადგენლობაში საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებზე მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაასრულა და მათ ალტერნატიულ პროექტში ზედამხევდელობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში რჩება.
ადმინისტრაციის ახალ რედაქციას უკვე გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩეველთან გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრა გამართეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, წარედგინოს პარლამენტს, ვეტოს შემთხვევაში სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.
მისივე თქმით, ასევე სრულად არის თანხვედრაში ასოცირების დღის წესრიგთან, სადაც საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებაზე.
„გარდა ამისა, სრულად ასახავს ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიციას და ყველა იმ სახის ორგანიზაციების პოზიციებს, სადაც საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში .
ჩვენ მხარს ვუჭერდით მუდმივად ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ზედამხედველობის სამსახურის დარჩენას. ამავდროულად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მათ შორის მის საზედამხედველო ფუნქციას“,-განაცხადა აბაშიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, კანონპროექტზე პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებს. ქვეყნის პირველ პირს დრო შაბათამდე აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები