„საჭიროა, ქართველმა ხალხმა მეტი პატივისცემა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ…“
„ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ეს იყო ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრება სიყვარულით გავაკეთებდი. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც მივიღე პროფესიული განათლება, გავიარე საბაკალავრო სწავლება და შემდეგ, მაგისტრატურა დაზგური გრაფიკის განხრით დავამთავრე…“ – ხელოვანი დეიკო ალუღიშვილი.
– როდის და როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა?
– ხატვა ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს მიუძღვის. დედა, მამა, ბაბუა მხატვრები არიან. მთელი ბავშობა ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი, რამაც თავისთავად ძალიან იმოქმედა ჩემს შემდგომ განვითარებაზე ამ მიმართულებით. სამი წლის ასაკიდან აქტიურად ვცდილობდი, მეხატა. თუ საშუალება მომეცემოდა, შანსს ხელიდან არასდროს ვუშვებდი, რომ მიმეღო ის სიამოვნება, რაც ჩემთვის დღემდე მაცოცხლებელი ძალაა, სადაც ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად. სკოლაში სწავლის დროსაც ხშირად ვაწყობდი გამოფენებს, რაშიც ყოველთვის ძალიან დიდ თანადგომას ვგრძნობდი მასწავლებლებისგან და თანაკლასელებისგან.
– ამბობენ, ხელოვანმა საკუთარი შემოქმედებით უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი, პროტესტი და ა.შ. თქვენ რისი თქმა გინდათ თქვენი შემოქმედებით? რა არის თქვენთვის ხატვა?
– რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემთვის ხატვა არის ჰაერი, რის გარეშეც არსებობა შეუძლებელია. პირველ რიგში, ვხატავ საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ ძალიან სასიხარულოა, თუ ჩემი ნახატებით სხვასაც ვანიჭებ სიამოვნებას და პოზიტიურ განწყობას ვუქმნი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება ჩემი ნახატებით და ვგრძნობ უამრავ პოზიტივს ჩემი ხელოვნების მიმართ, რაც ძალიან მახარებს და მაძლევს სტიმულს, ვიმუშაო არა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, არამედ სხვებსაც გავუზიარო ის. ვფიქრობ, ჩემს ნახატებში ჩემი ხასიათი კარგად ჩანს. ჯერჯერობით ძიების პროცესში ვარ, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო. რა თქმა უნდა, უამრავი საკითხის მიმართ მაქვს პროტესტის გრძნობა, მაგრამ საერთოდ არ ვცდილობ, ეს ჩემი შემოქმედებით გადმოვცე. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამის სურვილი არ მაქვს. გარშემო ისედაც ყველა ყველაფერს აპროტესტებს და მუდმივად რაღაცის გაპროტესტება ჩემთვის არ არის საინტერესო მდგომარეობა.
– თქვენი შთაგონების, ინსპირაციის წყარო…
– შთაგონებისთვის რაიმე განსაკუთრებული ალბათ არ არის საჭირო, ჩემი ინსპირაციის წყარო არის დაუოკებელი სურვილი იმისა, ვნახო ჯერ არ დაწყებული ნახატის საბოლოო სახე, რაზეც შეიძლება მთელი საღამო ვფიქრობდი, წარმოვიდგენდი და გონებაში ვხატავდი. ამის ხორცშესხმა არის ყველაზე დიდი მოტივაცია იმისათვის, რომ ვხატო.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…
– მუშაობისთვის მჭირდება, ერთი დიდი ჭიქა ყავა, მუსიკა, დაულაგებელი სახელოსნო, სადაც ყველა საჭირო მასალა ფუნჯი, საღებავი, ფანქარი… უფრო ადვილად საპოვნელია ჩემთვის ვიდრე დალაგებულში. ასევე, სიმყურდოვე, რაც უკვე ორი თვეა დარღვეული მაქვს. ჩემი მეორე შვილის გაჩენის დღიდან, ყველზე მეტად როდესაც შევდივარ აზარტში სწორედ მაშინ უნდა ჩემი ყურადღება, მაგრამ ესეც უკვე ჩემი სამუშაო გარემოს ნაწილი გახდა.
– გამორჩეული ნამუშევრები თუ გაქვთ თქვენ შემოქმედებაში და რატომ არის ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– ყველა ნამუშევარი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ დრომდე, სანამ მასზე ვმუშაობ. არის რამდენიმე, რაც დღემდე მომწონს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფავორიტები იცვლებიან, ხან ისეც ხდება, გადაგდებული ნახატი რაღაც დროის შემდეგ ღირებული გამხდარა ჩემთვის. რამდენიმე ნამუშევარია, რასაც ალბათ ვერ შეველევი, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ისინიც შეიცვალოს.
– ფერები თქვენს შემოქმედებაში…
– აკადემიაში სწავლის პერიოდში ჩემი ფერთა გამა ძალიან შეზღუდული იყო. ძირითადად, შავ-თეთრი, მაგრამ ნელ-ნელა ფერები გამდიდრდა და ახლა ჩემი პალიტრა ძალიან ფერადია. ფერები ჩემს ნამუშევრებში ძალიან დიდ როლს თამაშობს, სწორედ მათი მეშვეობით ვცდილობ, გადმოვცე ის ემოცია, რაც იმ მომენტში ჩემშია და ვფიქრობ, გარკვეულწილად გამომდის კიდეც.
– გამოფენები და კონკურსები – რა მოაქვთ მათ შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში?
– სტუდენტობის წლებში, რა თქმა უნდა, ბევრ გამოფენაში ვმონაწილეობდი, მაგრამ პერსონალური მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მქონდა, 2014 წლის 10 ნოემბერს, რაც ერთგვარი შეჯამება იყო იმ წლების, რომელიც აკადემიის დამთავრების შემდეგ გავიარე. ამ დრომდე გასაგები მიზეზების გამო მქონდა შემოქმედებითი პაუზა, ახლა ისევ დავიწყე მუშაობა და ძალებს ვიკრებ შემდეგი გამოფენისთვის. გამოფენა კარგი საშუალებაა, შენს ნამუშევრებს გვერდიდან სხვა თვალით შეხედო და შეაფასო, ახალ ეტაპზე გადახვიდე. კონკურსებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა თუ არ ჩავთვლით სამხატვრო კონკურს „ჟირაფს“, რომელიც ორიოდე თვის წინ გაიმართა და ვთვლი რომ არის ძალიან კარგი წამოწყება.
– საქართველო და ხელოვნება – შემოქმედი ადამიანის თვალით დანახული ჩვენი სინამდვილე…,
– საქართველო უდაოდ დიდი შემოქმედების მქონე ერია. ძალიან მაღალი გემოვნების და კულტურის მქონე ქვეყანას შორის სავსებით შესაძლებელია მოწინავე ადგილები ეკავოს და ამისთვის საჭიროა ქართველმა ხალხმა მეტი პატივისცემა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ, მეტად ვუგულშემატკივროთ ერთმანეთს, მეტი ვისაუბროთ ერთმანეთის ღირსებებზე, დამსახურებებზე და არ გვშურდეს ჩვენი თანამემამულის წარმატება. მეტად უნდა ჩაერთოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საზოგადოებები (მეცენატები, მთავრობის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები) ქართული მხატვრობის და ზოგადად ხელოვნების პოპულარიზაციაში. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რაშიც თითოეულმა ქართველმა თავის წვლილი უნდა შეიტანოს, თუ გვაქვს პრეტენზია რომ შემოქმედი ერი ვართ, რაც ნამდვილად ვართ, ნამდვილად გამოგვარჩევს სხვა უამრავი ქვეყნისგან და რაც გადაგვარჩენს.
– მინანქარი და ნაძვის ხის სათამაშოები – როდის, როგორ დაიწყეთ მათზე მუშაობა, რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი?
– მინანქრის შესწავლა, ჩემი სამკაულებისადმი დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. მინდოდა საკუთარი ხელით გამეკეთებინა ის სამკაულები, რაც მომწონდა. ხშირად ვერ ვახერხებდი სხვისთვის ამეხსნა, რა მინდოდა და ამიტომ შევისწავლე მინანქარი, რაც მომავალში ერთ-ერთი ჩემი შემოსავლის წყაროდ იქცა, როცა ერთი უკრაინელი ქალბატონი დაინტერესდა და საკმაოდ მოზრდილი შეკვეთა მომცა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მთავარი საქმიანობაა, ან რაიმე სიამოვნებას მანიჭებს მინანქრის კეთება, თუმცა, რაღაც ეტაპზე ძალიან გამომადგა მისი ცოდნა. რაც შეეხება ნაძვის ხის სათამაშოებს, ორსულობის პერიოდში, როდესაც შემოქმედებითი პაუზა მქონდა, გადავწყვიტე თავი ნაძვის ხის სათამაშოების კეთებით შემექცია და თან დამატებითი შემოსავალიც არ დამეკარგა. თუმცა ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი, რომ გადავწყვიტე, მომდევნო წელსაც შემექმნა საახალწლო განწყობა და ახალი ნაძვის ხის სათამაშოები გამეკეთებინა…
– მინდა, რომ…
– მინდა, რომ ყოველთვის იყოს იმის საშუალება და პირობები, ადამიანებს ჰქონდეთ დრო საკუთარი სულიერი და ესთეტიკური სიამოვნებისთვის. მეტი დრო დაუთმონ ხელოვნებასთან ურთიერთობას: სპექტაკლებზე სიარულს, გამოფენებზე, მუზეუმებში სიარულს და ა.შ. არ არსებობდეს ის ყოფითი პრობლემები, რაც დღემდე მოჰყვება ჩვენს ქვეყანას, რაც წინა პლანზე აყენებს თვითგადარჩენისთვის ბრძოლას და არა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას.
მზევინარ ხუციშვილი