ირაკლი ღარიბაშვილი: მიუღებელია აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროდ მათ პრეზიდენტიც შეუერთდა – ვიდეო

კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ე.წ ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს და სამწუხაროა, რომ მათ ამ ჟრიამულს პრეზიდენტიც შეუერთდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კანონში სრულად გათვალისწინებულია როგორც ევროკავშირის, ისე – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა რეკომენდაცია. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.
„მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, აგორებული კამპანია, რომელიც აზიანებს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მაგალითად დაასახელა პოლონეთის საბანკო სისტემა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს და აღნიშნა, რომ პოლონეთში, საბანკო ზედამხედველობის სააგენტო ცალკეა.
„მაქვს კითხვა ამ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოა, მაშინ სად არის შეკითხვები?! ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პაულსენების გადმოსვლა საქართველოში და მათი ინვესტიცია არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, კრიტიკოსსა და უპასუხისმგებლო ადამიანზე, რომელიც ასე უცერემონიოდ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვაზიანებთ ბიზნესგარემოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები