ჯემალ გახოკიძე: ერგნეთის ბაზრობის ფუნქციონირების შეწყვეტას გამართლება მაინც არ ჰქონდა

„სააკაშვილის ხელისუფლებამ ერგნეთის ფაქტორი, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი მშვიდობიანი გზა, სათვალავიდან ამოაგდო, რაც უდიდესი შეცდომა იყო!“ – ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ექსმინისტრმა, ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

უნივერსიტეტის სრული პროფესორი გამოცემასთან ერგნეთის ბაზრობის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს. ჯემალ გახოკიძეს მიაჩნია, რომ ე.წ. სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ქართულ-ოსური კონფლიქტის დასარეგულირებლად ერგნეთის ბაზრობის მსგავსი ბაზრობები რამდენიმე უნდა არსებობდეს.

„ერგნეთის ბაზრობა, კონფლიქტის ორივე მხარის ნებით, ფაქტობრივად, სტიქიურად აღმოცენდა და 1994 წლიდან ინტენსიურად იწყო განვითარება. აშკარად შეიმჩნეოდა, რომ ამ არაფორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ ზონას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, რადგან ერგნეთის ბაზრობაზე ყიდვა-გაყიდვასა თუ სხვა სახის სავაჭრო-ეკონომიკურ გარიგებებში ქართულ-ოსური მხრიდან ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც თავის დროზე ცხინვალის კონფლიქტში მიიღეს მონაწილეობა. ვის არ ნახავდით ერგნეთის ბაზრობაზე – ქართველს, ოსს, სომეხს, აზერბაიჯანელს, ჩეჩენს, ლეკს, ინგუშს, ქალაქელს, სოფლელს, კრიმინალს, ბიზნესმენს, წვრილმოვაჭრეს, პედაგოგს, ექიმს, მოხუცს, ახალგაზრდას და ბავშვებსაც კი. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივი გარემოს შექმნას სპეცსამსახურები „მონაპოვარს“ უწოდებენ და ერგნეთის ბაზრობის მსგავსი „მშვიდობიანობის ანკლავი“ რომც არ არსებულიყო, ქართულ სპეცსამსახურებს თვითონ უნდა შეექმნათ.

ერგნეთის ბაზრობა, მართლაც, კრიმინალურ ბურუსში იყო გახვეული და კორუფციის ბუდეს წარმოადგენდა, ამიტომ ოსეთთან კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში, ცხადია, დასახური და გასაუქმებელი იყო, მაგრამ მისი ფუნქციონირების შეწყვეტას გამართლება მაინც არ ჰქონდა. დიახ, იქ არსებული ქაოსი ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ფაქტია – სააკაშვილის ხელისუფლებამ ერგნეთის ფაქტორი, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი მშვიდობიანი გზა, სათვალავიდან ამოაგდო, რაც უდიდესი შეცდომა იყო!“ – აცხადებს ჯემალ გახოკიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები