„რუსები საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე ცხინვალში რუსულ ეკლესიას აშენებენ“
რუსები საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე ცხინვალში რუსულ ეკლესიას აშენებენ, -ამის შესახებ გაზეთი “რეზონანსი“ წერს.
გამოცემა ვარაუდებს, რომ შესაძლოა, ამ სიტუაციამ სასულიერო პირებში დაპირისპირება გამოიწვიოს.
“მოსკოვის საპატრიარქო ცხინვალში მართლმადიდებლურ ტაძარს აშენებს. ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, ალანა ალბოროვას თქმით, ტაძრის ასაშენებელი ადგილი ქალაქის ცენტრში, საბავშვო ბიბლიოთეკასთან არის შერჩეული, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ოსური საზოგადოების ნაწილი ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან ფიქრობენ, რომ შერჩეული ადგილი ტაძრისთვის შეუფერებელია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ამ სიტუაციამ სასულიერო სამყაროში შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგან ცხინვალი ე.წ. ალანიის ეპარქიის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს არ ემორჩილება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”.
გამოცემის ინფორმაციითვე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის” ხელმძღვანელმა ნელი ტაბუევამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს “არაგეგმურ მშენებლობასთან” დაკავშირებით წერილიც გაუგზავნა.
“წერილში წერია, რომ შერჩეული ადგილი ტაძრის მშენებლობისთვის შეუფერებელია, რადგან იქ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და უმჯობესია, იმ ადგილას ნაციონალური პარკი მოეწყოს. იმის გასარკვევად, ზემოთ აღნიშნული მშენებლობა შეთანხმებულია თუ არა საქართველოს საპატრიარქოსთან ან აქვთ თუ არა ამ მშენებლობაზე ინფორმაცია, პატრიარქის მდივანს მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდით, რომელმაც “მთელ კვირას” განუცხადა, რომ თბილისში არ იმყოფება და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივნის თამარ კვანტალიანის თქმით კი, საპატრიარქოსთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, “თუ რუსეთის საპატრიარქო აშენებს, ფაქტობრივად რუსეთი აშენებს. რა თქმა უნდა, მათ იქ ტაძრის აშენების უფლება არ აქვთ, მაგრამ ეს სხვა კატეგორიის საკითხია. ჩვენ ხომ იქ არაფერს გვეკითხებიან, რესტავრაციას ისე ატარებენ, რომ არაფერს გვეკითხებიან და როგორც ვიცი, ოფიციალურად არავის მოუმართავს”, – აღნიშნა თამარ კვანტალიანმა.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, თეოლოგ ვაჟა ვარდიძის თქმით, რუსეთის საპატრიარქოს ცხინვალში მართლმადიდებლური ტაძრის აშენების უფლება არ აქვს, თუ ნებართვა საქართველოს საპატრიარქოსგან არ აიღო.
საქართველოს საპატრიარქოს უფლება აქვს, რუსეთის საპატრიარქოს ცხინვალში ტაძრის მშენებლობა აუკრძალოს, რადგან ეს ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს განკარგვის არეალია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ყველა ეკლესიას, იქნება ეს ქართული, რუსული, ბერძნული და ა.შ., თავისი პატრიარქი და სინოდი ჰყავს, რომელიც წყვეტს, სად ექნებათ საეპისკოპოსო ტახტი. რუსეთის პატრიარქი ცხინვალში თუ რამეს აშენებს, ე.ი. ამ ტერიტორიას თავის საეპისკოპოსოდ თვლის და ამას იმიტომ აკეთებს. ეს კი არ შეიძლება, რადგან საეკლესიო კანონმდებლობით, რუსეთს ცხინვალი, როგორც თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორია, აღიარებული არ აქვს. ამიტომ იქ რამის აშენების უფლება არ აქვს, თუ ამის უფლება ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქომ არ მისცა.
ეს არის საეკლესიო ურთიერთობების დარღვევა. სანამ უფლებამოსილებას არ მიიღებენ, მანამდე არაფრის აშენების უფლება არ აქვთ. რუსულმა ეკლესიამ თვითონვე თქვა, რომ ამ ტერიტორიებს, როგორც საკუთარს თუ დამოუკიდებელს, არ ვაღიარებთო, რეალურად კი, როგორც ე.წ. ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში რაც უნდათ იმას აკეთებენ, გამოდის, რომ რუსეთს ეს ტერიტორია თავისად მიაჩნია, სხვანაირად მას არანაირი უფლება არ აქვს. არა მარტო ეპისკოპოსის, ნებართვის გარეშე მღვდლის განწესების უფლებაც არ აქვს. საპატრიარქომ ოფიციალურად უნდა მიმართოს, რომ ჩემს ტერიტორიაზე და ჩემი ნებართვის გარეშე ნურაფერს ნუ აკეთებთ, რადგან თუ ეს ჩემს ტერიტორიად მიმაჩნია, მაშინ მინიმუმ უნდა მკითხო, ხომ? ახლა რა პოლიტიკასაც საპატრიარქო ატარებს, რომ რუსეთს არ აწყენინოს, ცოტა არასწორია”, – აცხადებს ვაჟა ვარდიძე.
“ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის ოფიციალური ვიზიტის შესახებ. ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია) მთავარეპისკოპოსი ზოსიმე დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამწყსოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოების საკითხი განიხილეს”, – წერს სტატიის ავტორი.