გურანდა გაბუნიას სერიალიდან წასვლის მიზეზებზე მიშა მშვილდაძე ალაპარაკდა – დამსახურებულ არტისტებს ახასიათებთ სპეკულირება
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ მსახიობ გურანდა გაბუნიას წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სერიალის სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი გამოეხმაურა და გაბუნიას განცხადებას სისულელე უწოდა.
„არავითარი კომენტარი მაგ სისულელეზე. გურანდას ნათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- თქვა დევდარიანმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
გაბუნიას სერიალიდან წასვლის მიზეზზე კომენტარი გააკეთა ასევე სერიალის პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემაც, რომლის თქმითაც, ყველა სერიის გადაღების წინ და შემდეგ, რომელშიც გურანდა მონაწილეობდა, იყო მსგავსი საუბრები, რომ აღარ შემიძლია, ვიღლები, აღარ მინდა.
მშვილდაძის მტკიცებით, დამსახურებულ არტისტებს ახასიათებთ სპეკულირება იმით, რომ მათთან მუშაობის ბედნიერება არ არის ხელმისაწვდომი, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს.
მშვილდაძე ასევე ამბობს, რომ გურანდა გაბუნიას პრესონაჟი ამოიწურა და იქ დამთავრდა ამბავი.
„ჩვეულებრივი ამბავია, ამოიწურა პერსონაჟი და იქ დამთავრდა ამბავი. ვინ რას განიცდიდა მთელი ამ დროის განმავლობაში და რა განცხადებებს აკეთებს, ხუთი წლის მერე, სისულელეა. გაბუნიას პარალელურ რეჟიმში ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა სერიალიდან, საოცარ დამთხვევასთან გვაქვს საქმე. გამოდის, ყველა ბედნიერი უნდა იყოს. არავის მივცემთ უფლებას, რომ თინა მახარაძე ჩათვალოს ადამიანად, რომელსაც სისულელეს აბრალებენ. თავისთავად ის მიზეზი, რომ რომელიღაც მსახიობი, რომელიმე პერსონაჟის ქცევას ვერ იტანდა, სიგიჟეა. მიჭირს გააზრება და ამ ემოციის საკუთარ თავში დატევა“,- განაცხადა მშვილდაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ცნობისთვის: მსახიობმა გურანდა გაბუნიამ, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თინა მახარაძის პერსონაჟის, იგივე ანკას ბებიის როლს თამაშრობდა, განაცხადა, რომ სერიალი თინა მახარაძის პერსონაჟის გამო დატოვა. გაბუნიას თქმით, არ მოსწონს გოგონები, რომლებიც ანკას მსგავსად ბილწსიტყვაობენ.