ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა – წამალი და ფული დააბრუნეო – რას აცხადებს “კორტების საქმის” პროკურორი

ირაკლი ფირცხალავა და სხვა პოლიციელები ხუბულოვს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, წამალი და ფული დააბრუნე, თორემ კარგად ვერ დაამთავრებო, – ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ე.წ. კორტების საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ობიექტური შეფასების შემთხვევაში, ამ საქმეზე ყველა ბრალდებულთან მიმართებაში გამამტყუნებელი განაჩენი გარდაუვალია.
“პასუხისგებაში მიცემულია 7 სპეცრაზმელი და 5 მაღალჩინოსანი – ირაკლი ფირცხალავა, რომელიც 2006 წლის მდგომარეობით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი გახლდათ, კახაბერ ნაკანი – სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, გიორგი ცააძე – კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, გრიგოლ კვინიკაძე, რომელიც იმხანად უშუალოდ იძიებდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეს და ლევან ბეროძე, დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც სპეცოპერაციის დროს თითქოსდა ვაზაგაშვილმა დააჯახა მანქანა. დაკითხულმა სპეცრაზმელებმა და თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ ვაზაგაშვილის მანქანიდან არავის უსვრია და მანქანაც არავის დასჯახებია.
გამოძიების ძველი ვერსიით, ვაზაგაშვილს უკან მოსდევდა მოთვალთვალე პოლიციის მანქანა, რომელიც მესამე ზოლში, მის უკან, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით გაჩერდა. ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვაზაგაშვილის მანქანის უკანა საქარე მინის ზედა მარჯვენა კუთხე ჩამოიმტვრა და ტყვია ჩვენი მანქანის წინა საქარე მინას მოხვდაო. ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გამორიცხულია, იქიდან ნასროლმა ტყვიამ დააზიანოს წინა საქარე მინა და გავიდეს გვერდითა კარის მინაში. მოწმეებმა კი დაადასტურეს, რომ პოლიციელების მანქანა სროლის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, მერე მოვიდა. განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავტომანქანების განლაგების გათვალისწინებით, გამორიცხულია ვაზაგაშვილის ავტომანქანიდან ნასროლ ტყვიას დაეზიანებინა პოლიციელთა მანქანის წინა საქარე მინა. ორი ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ვაზაგაშვილის მანქანიდან არ უსვრიათ! დაკითხული სპეცრაზმელების თქმით, მას შემდეგ, რაც ირაკლი ფირცხალავამ გასცა სროლის ბრძანება, ვაზაგაშვილის მანქანას პირველმა კახა ნაკანმა, შემდეგ კი ფირცხალავამ ესროლა. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ვაზაგაშვილის მანქანიდან არანაირი საფრთხე არ მოდიოდა, არავის უსვრია და ნაკანმა ყოველგვარი გამაფრთხილებელი გასროლისა და მოწოდების გარეშე გაისროლა.
იმხანად გამოძიებამ შეცდომა დაუშვა: გადაიღეს მომენტი, როცა ექსპერტები შემთხვევის ადგილიდან მასრებს იღებდნენ. ფირში ჩანს იარაღი, რომელიც არასაბრძოლო მდგომარეობაშია. ფუთურიძემ თუ გაისროლა, მაშინ ჩამკეტი გადაწეული უნდა ყოფილიყო. სროლის დროს რამდენიმე ავტომანქანას მოხვდა ტყვია. არის მოწმე ნარგიზა ხაჭაპურიძე, რომელიც ჯერ არ დაკითხულა და აცხადებს, რომ ტყვია მის დისშვილს მოხვდა. ვაზაგაშვილის ავტომანქანის მიმართულებით 150 ტყვიაა ნასროლი, თუმცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 40 მასრა. გვაქვს არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ სამართალდამცველები გასროლილ მასრებს კრეფდნენ, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების იარაღებით ნასროლს. სოდ-ის მაღალჩინოსან კახა მისირელის ჩვენებით, ხუბულოვმა მას უთხრა, საცოდავ მორფინისტებს დაგვდევთ, ირაკლი ფირცხალავას ძმა რომ წამალს ყიდის, მას ხელს რატომ არ ჰკიდებთო. როგორც მოწმე ამბობს, მან ხუბულოვის ნათქვამი არასერიოზულად მიიჩნია. რამდენიმე დღეში სხვა თანამშრომლის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გადამოწმდა და დადასტურდა ლევან ფირცხალავას შემხებლობა ნარკოტიკებთან, რის შედეგადაც იგი დააკავეს. მისირელმა ხუბულოვის ნათქვამი რამდენიმე თანამშრომელთან გაიმეორა და ეს ირაკლი ფირცხალავამ გაიგო.
არის მეორე მომენტიც, რაც ამყარებს ხუბულოვზე ფირცხალავას შურისძიების მოტივს. ჩვენ დავკითხეთ ხუბულოვის მეგობარი ჯაბა შარანგია, რომელიც 2006 წელს ციხეში იჯდა. შარანგიამ ხუბულოვს წამლის შეგზავნა სთხოვა. შეგზავნილი წამალი უვარგისი გამომდგარა და პატიმრებს მოუთხოვიათ შარანგიასთვის, ხუბულოვმა ან ფული დაგვიბრუნოს, ან წესიერი წამალი შემოგვიტანოსო. ხუბულოვს უთქვამს შარანგიასთვის, ნარკოტიკი ლევან ფირცხალავასგან ვიყიდეო და შემდგომში მისთვის ფულიც წაურთმევია და წამალიც. ლევანს უთქვამს, პოლიციის თანამშრომლების წამალია და იცოდე, რომ მართმევ, ამის გამო პასუხს მოგთხოვენო. შარანგიას ჩვენებით, შემდგომში ხუბულოვს ურეკავდნენ ირაკლი ფირცხალავა და სხვა პოლიციელები და ემუქრებოდნენ, წამალი და ფული დააბრუნე, თორემ კარგად ვერ დაამთავრებო. ფაქტობრივად, ფირცხალავას პირადი შურისძიების მოტივი რომ ჰქონდა, ეს არა მარტო მისირელის, არამედ შარანგიას ჩვენებითაც დასტურდება“, -აცხადებს “კორტების საქმის“ პროკურორი.
კითხვაზე, რისთვის დასჭირდა ირაკლი ფირცხალავას ხუბულოვზე შურისძება დღისით, შუაგულ ქალაქში, უამრავი მოწმის თანდასწრებით? პროკურორი აცხადებს,რომ სპეცოპერაციის ჩატარებით ირაკლი ფირცხალავამ არა მარტო შური იძია ხუბულოვზე, არამედ მისი დეპარტამენტი მაღალი რანგის სამართალდამცავ ორგანოდ წარმოაჩინა და თავადაც ჩაიწერა ქულები, როგორც კრიმინალთან დაუნდობელმა მებრძოლმა.
“ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდი. ამ სპეცოპერაციის ჩატარებით ირაკლი ფირცხალავამ არა მარტო შური იძია ხუბულოვზე, არამედ მისი დეპარტამენტი მაღალი რანგის სამართალდამცავ ორგანოდ წარმოაჩინა და თავადაც ჩაიწერა ქულები, როგორც კრიმინალთან დაუნდობელმა მებრძოლმა. თუ ის ბიჭები, მართლაც, საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ეცლიათ და ყაჩაღობის ადგილას აეყვანათ. საქმეში არ მოიპოვება ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი 2 მაისს აჰმედ მამედოვის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ“, – აცხადებს ამირან გულუაშვილი.
რით ამტკიცებს პროკურატურა გიორგი ცააძის დანაშაულს, რომ მართლა მან ესროლა ხუბულოვსა და ვაზაგაშვილს საკონტროლო ტყვია? დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ვაზაგაშვილის თავიდან ავტომატის ტყვიაა ამოღებული, ცააძე კი პისტოლეტით იყო შეიარაღებული,საქმის პროკურორი აცხადებს,რომ “ვაზაგაშვილის თავიდან ამოიღეს ტყვიის ფრაგმენტები, რომლებიც ძვალზე მოხვედრისას იშლება. ჩვენ დავკითხეთ სპეცრაზმელი სანიკიძე და რამდენიმე მოწმე, რომლებიც ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ კახაბერ ნაკანთან და მოახსენეს, რომ ვაზაგაშვილის თავიდან ამოღებული ტყვია, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციელის მიერ უნდა იყოს გასროლილი და სთხოვენ მის შეცვლას სპეცრაზმელის ტყვიით. ნაკანმა სანიკიძეს დაავალა, რამდენიმე ტყვია გაესროლა და გულები მისთვის მიეტანა, შემდეგ კი გამოძიებას გადასცა. დაკითხულმა მოწმეებმა ამოიცნეს და ადასტურებენ, რომ საკონტროლო სროლების დროს ცააძე მანქანის კართან იდგა და შეიარაღებული იყო. სპეცრაზმელები კი ამბობენ, მანქანასთან პოლიციის თანამშრომლებმა დაგვასწრეს მისვლა და ამ დროს გავიგონეთ 2-3 გასროლის ხმა მანქანაში, რის შემდეგაც ცააძე გამოვიდა მანქანის უკანა მხრიდან და ნაკანსა და ფირცხალავასთან გაჩერდაო. გვყავს არაერთი მოწმე, რომლებიც ამას ადასტურებენ, აქედან რამდენიმე უკვე დაკითხულია“.
ამასთან, ჟურნალისტი ინტერესდება, თუ ხუბულოვიც და ვაზაგაშვილიც საკონტროლო ტყვიით მოკლეს, მაშინ ლოგიკურად იბადება კითხვა: რატომ დატოვეს მოწმე ფუთურიძე ცოცხალი? რაზეც საქმის პროკურორი პასუხობს, რომ “ვაზაგაშვილის ავტომანქანას დაბურული მინები ჰქონდა. მას ცააძე წინიდან უახლოვდება, სწრაფად ისვრის და მიდის. ის, რომ მანქანაში მესამე პირიც იმყოფებოდა, არ იცოდნენ. სროლის დროს დაჭრილი ფუთურიძე იმ დროს უკანა სავარძელზე იყო მიწოლილი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები