ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმირებას ითხოვენ
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმირებას ითხოვენ, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივმა დამცველმა ირინა ფუტკარაძემ, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა ია მამალაძემ და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წევრმა კოტე კანდელაკმა ისაუბრეს.
უფლებადამცველთა განცხადებით, დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს, მათ შორის ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.
მათი განმარტებით, უმნიშვნელოვანესია, საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფდეს: სამართლიანი, თანასწორი, ფარული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას; ამომრჩევლის ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში; წარმომადგენლობითობისა და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.
ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მაისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სავალდებულო გახადა საარჩევნო ოლქების საზღვრების ხმების თანაბარწონადობის პრინციპი ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დადგენა.
„ ვფიქრობთ, საარჩევნო სისტემა არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მსჯელობის საგანი – საზოგადოებამ ნათლად უნდა გააცნობიეროს და ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რამდენადაც საარჩევნო სისტემა განსაზღვრავს პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციას მომავალ პარლამენტში, მთლიანად ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობასა და ქმედუნარიანობას. ამდენად, საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო სისტემა, უნდა გადაწყდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში, საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე“, – აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ირინა ფუტკარაძემ, კოტე კანდელაკმა და ია მამალაძემ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ფართო საზოგადოებრივ – პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, უმოკლეს დროში, სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდეს.
„ ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ძირეული რეფორმის დაგეგმვა – გახორციელებისათვის სულ უფრო მცირე დრო რჩება, ხოლო საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ოლქების კონფიგურაციის ცვლილება გარდაუვალი აუცილებლობაა, მოვუწოდებთ, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად. მივმართავთ ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს სხდომა საარჩევნო სისტემის საკითხის ძირეული განხილვის მიზნით“, – აღნიშნა კოტე კანდელაკმა.
აღნიშნულ მოთხოვნას აგრეთვე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC), საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს რეგიონულ მაუწყენელთა ასოციაცია, „საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი“, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრი“ და კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ უერთდებიან.