“უწმინდესი არასდროს ღელავს… ყოველთვის აქეთ გვამხნევებს” – რას ყვება პატრიარქის პირადი ექიმი
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში, გეგმურ სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფება.
ილია მეორე წელს ბერლინში 14 ივლისს გაემგზავრა. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პატრიარქის პირადი კარდიოლოგი, შალვა პეტრიაშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, უწმინდესის კორონაროგრაფიული გამოკვლევის დროს გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე.
“2008 წელს უწმინდესმა სტენტირება გაიკეთა. სწორედ სტენტებში იყო რაღაც პრობლემა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა. ჩატარდა მარტივი პროცედურა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა. პატრიარქი არასდროს ღელავს. ძალიან ყოჩაღად და მხნედ არის, ჩვენგან განსხვავებით. ყოველთვის აქეთ გვამხნევებს. მისი ასაკიდან გამომდინარე, პრობლემები ყოველთვის არის, თუმცა, რისკები შემცირებულია… ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს – მიუხედავად იმისა, გერმანელი ექიმები სხვა კონფესიის წარმომადგენლები არიან, დიდი მოწიწებით ექცევიან უწმინდესს და მის მიმართ უზომო ყურადღებით არიან განმსჭვალულნი“, – აცხადებს შალვა პეტრიაშვილი.
კლინიკა, ჰოსპიტალი “ჰელიოსი”, სადაც ილია მეორე მკურნალობს, ბერლინში მდებარეობს, ეს საავადმყოფო ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. უწმინდესი საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაბრუნდება.